ელისაშვილი – ოპოზიციაზე: პარლამენტში რომ შემოვლენ, ფაქტია, აბა, სხვა სად წავლენ
“ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს. რა ინფორმაციასაც ვფლობ, საკმაოდ ინტენსიურად მიდის აზრთა გაცვლა-გამოცვლა და პოზიციების დაახლოება. პარლამენტში რომ შემოვლენ, ეს ხომ ფაქტია. აბა, სხვა სად წავლენ?”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პროცესში ძალიან ცოტა საკითხი დარჩა, სადაც პოზიციები არ დაახლოებულა.
„თავიდან ისე წარმოაჩენდნენ, არიქა, ჩვენ სამშობლოს ვუღალატეთ, საქართველო დავახურდავეთ, გავყიდეთ 30 ვერცხლად. ასე წარმოაჩინეს მაშინ, როდესაც გულის სიღრმეში თავადაც იცოდნენ, რომ აუცილებლად მოუწევდათ პარლამენტში შემოსვლა და მოლაპარაკებების ერთ-ერთი წინაპირობა ესაა. არ მინდა მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე ნიშნის მოგებით საუბარი, ხალხი ყველაფერს მიხვდება. პარლამენტში შემოვლენ, პოზიციების დაახლოება ინტენსიურად მიდის და ძალიან ცოტა საკითხი დარჩა, სადაც პოზიციები არ დაახლოებულა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.