ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე ბავშვს დამატებითი ხარჯებისთვის თვეში 7500 ლარს უხდიდა, დეკემბერში კი 85 ათასი დოლარი ჩაურიცხა
ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის და სახლს ართმევს სპეკულაციას უწოდებს.
მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე ბავშვს დამატებითი ხარჯებისთვის თვეში 7500 ლარს უხდიდა, დეკემბერში კი 85 ათასი დოლარი ჩაურიცხა.
“ის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს არ უხდის ალიმენტს არის ფეიკნიუსი. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბასილაშვილს ალიმენტის გადახდა აქვს დაკისრებული. ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში, ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი არ იყვნენ განქორწილებულნი, ქორწინების პერიოდშივე დოროყაშვილმა დაიწყო ქონებრივი დავა. მიმართა სასამართლოს. ნიკას კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მას არ სურდა სასამართლო დავაში შესვლა. გადაწყვიტეს მორიგების აქტი გაფორმებულიყო, რომლის მიხედვითაც მან მიიღო საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც ამჟამად ცხოვრობს დოროყაშვილი, რომელიც იყო ბასილაშვილის საცხოვრებელი სახლი.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე ბავშვს დამატებითი ხარჯებისთვის თვეში 7500 ლარს უხდიდა, დეკემბერში კი 85 ათასი დოლარი ჩაურიცხა. სპეკულაციები, რომ თურმე ბასილაშვილი შვილს სახლს ართმევს და რომ თურმე ალიმენტს არ უხდის ძალიან უხერხულია”,- აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველის, ანა აბაშიძის თქმით, ბასილაშვილს შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია, უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით.