ვინ არის რუსი დიპლომატი, რომელიც ეპიდემიოლოგიურ წესებს არ იცავდა და კორონავირუსს ავრცელებდა

ახლახან, პოლონეთიდან   რუსეთის კონსული, იგორ ოშეპკოვი გააძევეს. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ რუსი დიპლომატი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, მაგრამ კარანტინს არ იცავდა. პოლონელები  მისმა მოქცევამ აღაშფოთა, რადგან შესაძლოა, მას ინფექცია არაერთი ადამიანისთვის გადაედო.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის, სტანისლავ ჟარინის თქმით, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა კონსულმა, ოშეპკოვმა და მისმა ქალიშვილმა ტესტირებაზე დადებითი პასუხი  ჯერ კიდევ 21 იანვარს მიიღეს, მაგრამ მთელი  თვე რუსი დიპლომატი სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა და  იმ სხვა საქმიანობას ახორციელებდა, რომელიც „პოლონეთში დამატებით ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს ქმნიდა“.

„იმის მიუხედავად, რომ მან მიიღო ინფორმაცია ვირუსით დაინფიცირების შესახებ, სანიტარულ წესებს არ იცავდა, შეკრებებში მონაწილეობს იღებდა,  საზოგადოებრივ ადგილებში ჩნდებოდა, რითაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა”, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა და რუსი დიპლომატის ქმედებას “უპასუხისმგებლო და საშიში” უწოდა.

როგორც ირკვევა, ოშეპკოვი,  მათ შორის, პოზნანში საზოგადოებრივ ადგილას ნახეს. ის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართული დემონსტრაციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა.

„მისი ქმედებების შედეგი შესაძლოა, სხვა ადამიანების დაინფიცირება გამხდარიყო და წარმოქმნილიყო დაავადების ახალი კერები. დიპლომატის მოქმედებებმა საფრთხე შეუქმნა იმ ადამიანების ჯანმრთელობას, რომლებსაც მასთან  კონტაქტი ჰქონდათ”, – გამოხატავენ აღშფოთებას პოლონეთში.

რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული, იგორ ოშეპკოვი პერსონა ნონ გრატად 8 თებერვალს გამოაცხადეს და მან პოლონეთის ტერიტორია თებერვლის მიწურულს დატოვა. სწორედ ამ პერიოდში, პოლონეთში კოვიდ-19-ის ინფექციასთან დაკავშირებით სიტუაციის გართულება დაიწყო და შეზღუდვების გამკაცრება გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ეს კონსული არ გახლავთ პირველი რუსი დიპლომატი, რომელიც ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდება მასპინძელ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ადამიანებს საფრთხეს უქმნის. 2021 წლის დასაწყისში რუსეთის საელჩოს მეორე მდივანი, კრივოშეევი ალბანეთიდან გააძევეს. ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე პერმანენტულად არღვევდა ანტიკორონავიურულ წესებს, თანაც – ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან. ალბანეთის ხელისუფლებამ მის უფროსს, რუსეთის ელჩ მიხეილ აფანასიევს არაერთხელ მიმართა, ის კი სულ ჰპირდებოდა, რომ კრივოშეევის მხრიდან დარღვევები აღარ განმეორდებოდა.  ეს დაპირებები  ტყუილი აღმოჩნდა. ბოლოს, ალბანელებს რუსი დიპლომატის თავხედობა ყელში ამოუვიდათ და, როცა  ვერაფერი შეასმინეს, უბრალოდ, ქვეყნიდან გააძევეს.

როგორც ჩანს, რუსი დიპლომატები უკვე არა მხოლოდ დანაშაულებრივი, უტიფარი და არაკეთილსინდისიერი მუშაობის სტილს იყენებენ, რის გამოც ხშირად მათ პერსონა ნონ გრატად აცხადებენ, არამედ უკვე „კორონავირუსის გამავრცელებლებადაც“ გაითქვეს სახელი.

სოფიო კაციტაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები