ესპანეთში ოთხდღიანი სამუშაო კვირის დატესტვა იწყება

ესპანეთი შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც ოთხდღიან სამუშაო კვირას დატესტავს. მთავრობა საპილოტე პროექტის განხორციელებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც იდეით დაინტერესება კომპანიებმა გამოთქვეს. მოსალოდნელია, რომ პროექტში 200-მდე კომპანია ჩაერთოს.

​ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

შესაბამისი იდეით მთავრობას წლის დასაწყისში მემარცხენე პარტია Más País-მა მიმართა.

როგორც პარტიის წევრმა, ინიგო ერეჰონმა თქვა, “ოთხდღიანი სამუშაო კვირის დანერგვით ვიწყებთ თანამედროვეობის ნამდვილ დისკუსიას. ეს ისეთი იდეაა, რომლის დროც დადგა”.

აღსანიშნავია, რომ, ახალი ზელანდიიდან დაწყებული გერმანიით დამთავრებული, იდეის პოპულარობა სულ უფრო მზარდია.

მისი მომხრეები ამბობენ, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა პროდუქტიულობას გაზრდის, დასაქმებულთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, ასევე, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.

“ესპანეთი ის ქვეყანა, სადაც დასაქმებულები იმაზე მეტ ხანს შრომობენ, ვიდრე – ევროპაში საშუალოდ. მაგრამ არ ვართ ყველაზე დიდი პროდუქტიულობის ქვეყანა. ვამბობთ, რომ სამსახურში მეტი საათის გატარება არ ნიშნავს უკეთესად მუშაობას”, – ამბობს ერეჰონი.

მიუხედავად იმისა, რომ საპილოტე პროექტის დეტალები მთავრობასთან ჯერ კიდევ დაზუსტების სტადიაზეა, Más País-ში სამწლიანი პროექტის წინადადებით გამოდიან, რომლის ღირებულება 50 მილიონი ევრო იქნება, რაც კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას შემცირებული საათები მინიმალური რისკით გაიარონ.

Más País-ში ამბობენ, რომ საპილოტე პროექტი შეიძლება, უკვე შემოდგომასაც დაიწყოს, თუმცა, როგორც Guardian-ს ესპანეთის მრეწველობის სამინისტროში წყარომ განუცხადა, საპილოტე პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაწყებით სტადიაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები