მარინა ეზუგბაია: მსურს, ჩემი ვაქცინაცია იყოს მაგალითი ყველა ჩემი კოლეგისთვის
“მსურს, ჩემი ვაქცინაცია იყოს მაგალითი ყველა ჩემი კოლეგისთვის და ქვეყანა დავუბრუნოთ იმ რეალობას, რომელსაც უკორონო ქვეყანა ჰქვია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები აირჩევენ კლინიკას, სადაც ისურვებენ ვაქცინაციას.
“თავს კარგად ვგრძნობ. მინდა, გითხრათ, რომ მსურს, ჩემი ვაქცინაცია იყოს მაგალითი ყველა ჩემი კოლეგისთვის და ქვეყანა დავუბრუნოთ იმ რეალობას, რომელსაც უკორონო ქვეყანა ჰქვია. ამისთვის ვაქცინაცია აუცილებელია. ვაქცინაციას აქვს პროტოკოლი მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ, აირჩევენ კლინიკას სადაც მოისურვებენ ვაქცინაციას. სპეციალური კითხვარია, საიდანაც პაციენტის იმუნური მდგომარეობა გაირკვევა, აქვს თუ არა მსურველს ალერგია და სხვა კითხვებზე პასუხის შემდეგ შეძლებენ ვაქცინაციას”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო. საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. კორონავირუსის ვაქცინა, პირველ ყოვლისა, განკუთვნილია სწორედ სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის, ხოლო შემდეგ რისკჯგუფში შემავალი სხვა პირებისთვის.
ვაქცინაცია დღეს, თბილისის გარდა, ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში იწყება, ხოლო 17 მარტიდან პრაქტიკულად ყველა რაიონში განხორციელდება. როგორც აღინიშნა, ჯამურად, ვაქცინაცია 89 რაიონში ჩატარდება.