ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში გაიმართა პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები – ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები, ასევე საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებით. შეხვედრას უძღვებოდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. დღევანდელი შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP), რა განხორციელდა დღემდე, როგორია ეს წარმატებული პროექტები, რა გამოწვევების წინაშე ვართ. შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელზეც მიდის მუშაობა 2021 წლის OGP-ის ფარგლებში. „ჩვენ დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მთავარი ხაზი 2021 წელს საპარლამენტო OGP-ის ფარგლებში იქნება კოვიდ გამჭვირვალობა, რის შესახებაც უფრო მეტ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო პერიოდში მივაწვდით. საბჭოს წევრებთან ერთად შევთანხმდით, რომ თითოეული კომიტეტი, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ აღმასრულებლის ზედამხედველობა, ინფორმაციაზე წვდომა და ყველა ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, საპარლამენტო OGP-ის პლატფორმის მეშვეობით მარტივი ფორმით და სწრაფად იყოს მიღებული. ზოგადად OGP მნიშვნელოვანი კომპონენტია საპარლამენტო საქმიანობაში და, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ მომეცა შესაძლებლობა ვუხელმძღვანელო ამ მნიშვნელოვან საბჭოს”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები