ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ SARS-CoV-2 პანდემიად გამოაცხადა, რადგან ვირუსის გავრცელება მსოფლიოს ქვეყნებისა და კონტინენტების უმრავლესობაში ფიქსირდებოდა, მანამდე კი დაავადებას ეპიდემიის კვალიფიკაცია ჰქონდა მინიჭებული.
გასული წლის 11 მარტს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 118 ათასი შემთხვევა 114 ქვეყანაში ფიქსირდებოდა. დღეის მდგომარეობით კი, ინფექცია 118 006 153 ადამიანს შეეხო და 2 619 676 სიცოცხლეს გამოასალმა.
SARS-CoV-2-ისგან მომდინარე პირველი ინფექცია ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის ბოლოს აღმოაჩინეს, კერად მიჩნეულია ქალაქის ზღვისპროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობა. ახალი, მანამდე უცნობი ვირუსული შტამის გავრცელებაზე ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჰუბეის პროვინციაში 41 ადამიანს დაუდგინდა პნევმონია ყოველგვარი გამოკვეთილი მიზეზის გარეშე. უკვე 2020 წლის პირველ იანვარს ბაზრობა დახურეს და ადამიანები შესაბამისი კლინიკური მაჩვენებლებით იზოლაციაში გაუშვეს.
2020 წლის 13 იანვარს გახდა ცნობილი, რომ ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გარეთაც გამოვლინდა, ეს იყო 61 წლის ქალი, რომელიც ტაილანდში უხანიდან ჩავიდა. 18 იანვარს უკვე სამ შემთხვევაზე გავრცელდა ინფორმაცია – ორი ტაილანდში, ერთი – იაპონიაში.
გამომდინარე იქედან, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდებოდა, 18 იანვრიდან სინგაპურმა და ჰონგკონგმა აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, კერძოდ, უხანიდან ჩასულ მგზავრებს სიცხეს უზომავდნენ და სიმპტომებზე ეკითხებოდნენ. ანალოგიური ზომები სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებშიც იქნა მიღებული: რუსეთში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიაში, ფილიპინებზე, ასევე, აშშ-ის სამ აეროპორტში.
20 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინფიცირების რიცხვმა მკვეთრად მოიმატა, კერძოდ, 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დღეს ინფიცირების პირველი შემთხვევა სამხრეთ კორეაშიც ფიქსირდება.
21 იანვარს უხანიდან აშშ-ში დაბრუნებულ ამერიკელს “კოვიდ19” გამოუვლინდა.
30 იანვარს ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება შეფასდა, როგორც “საგანგებო”.
უკვე თებერვალში ინფექცია უსწრაფესად ვრცელდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში და 11 მარტს ჯანმო-მ კოვიდ19 პანდემიად გამოაცხადა. ამავე დროს, იგივე ჩინეთში, მარტის მეორე ნახევარში ვირუსი კონტროლზე აიყვანეს და 19-20 მარტს ქვეყანაში არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. 25 მარტს ჩინეთის ხელისუფლებამ ხუბეის პროვინციაში კარანტინის რეჟიმი მოხსნა, 28 მარტიდან მეტროპოლიტენის მუშაობა განაახლა, 29 მარტს კი ვირუსის დამარცხებაზე განაცხადა.
ამავე დროს, ვირუსი მსოფლიოს სხვა კონტინენტებზე, კერძოდ, ევროპასა და ამერიკაში ძალას იკრეფდა.
ევროპაში გავრცელების ლიდერი გახდა იტალია. აქ, 16 მარტის მდგომარეობით, თითქმის 25 ათასი ინფიცირებული იყო, და 1800 გარდაცვლილი; მეორე ადგილზე იმ დროს იყო ესპანეთი 8 ათასი შემთხვევითა და 300 გარდაცვლილით; ასევე, ათასობით შემთხვევა საფრანგეთსა და გერმანიაში იყო. ჯამურად, ჩინეთს ფარგლებს გარეთ, 16 მარტის მდგომარობით, 88 365 ინფიცირებული იყო. 17 მარტს ევროკავშირისა და შენგენის ზონის საზღვრები ჩაიკეტა.
მარტის მეორე ნახევარში ვირუსის სწრაფი გავრცელება ფიქსირდება აშშ-ში. 24 მარტს ჯანმო-მ განაცხადა, რომ ქვეყანა ინფექციის გავრცელების ახალი კერა ხდება. 4 აპრილს აშშ მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებლით უკვე ანტილიდერი იყო – 277 607 შემთხვევით.
ერთადერთი კონტინენტი, სადაც კოვიდ19- ის შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული, ანტარქტიდაა, თუმცა, დეკემბერში ვირუსმა აქაც შეაღწია.
რაც შეეხება საქართველოს – COVID-19-ით დაავადებული პირი პირველად 26 თებერვალს გამოვლინდა, რომელიც ირანის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც იმავე წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან დაავადება გავრცელებული იყო. დაავადების დიაგნოსტირება ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით მოხერხდა. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების სულ 274 045 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 3 622 პაციენტი ემსხვერპლა.
ვირუსი ერთი წლის თავზეც არ არის დამარცხებული. მეცნიერებმა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა უმოკლეს დროში შეძლეს, თუმცა, პრეპარატი ღარიბი ქვეყნებისთვის დღემდე არ არის ხელმისაწვდომი. ჯანმო-ს ანალიზით, იმისთვის, რომ კონკრეტულ ქვეყენაში ვირუსთან გამკლავება მოხერხდეს, საჭიროა მისი მოსახლეობის 70% აცრა, რასაც ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში რამდენიმე თვეც დასჭირდება. იქამდე კი ძალაში რჩება ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი და დაზეპირებული რეკომენდაცია – პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შესახებ.
ამასთან, ჯანმო-ს ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზებსაც აკეთებენ და ამბობენ, რომ ვაქცინაციის ეფექტმა შესაძლოა, პანდემია იმაზე ადრე დაასრულოს, ვიდრე ეს 2020 წელს ვინმეს წარმოედგინა. კერძოდ, ჯანმო-ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ თქვა, რომ 2022 წლის დასაწყისში ვირუსი გამქრალი ვერ იქნება, თუმცა, შეზღუდვების საჭიროება აღარ იარსებებს.
ავტორი : მონიკა დავლიანიძე