შალვა პაპუაშვილი: თუ რამეა მანიაკობა, ალბათ, სწორედ ასეთ ჯგუფებში ადამიანზე თავდასხმის დაგეგმვა, ზომბებივით სხვის პროფილებზე შესევა, ზიზღის დანთხევა და ამით ვირტუალური სიამოვნების მიღებაა
“სიტყვა „მანიაკი“ ისმის ეს ბოლო პერიოდი, თუ რამეა მანიაკობა, ალბათ, სწორედ ასეთ ჯგუფებში ადამიანზე თავდასხმის დაგეგმვა, ზომბებივით სხვის პროფილებზე შესევა, ზიზღის დანთხევა და ამით ვირტუალური სიამოვნების მიღებაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არის ფეისბუქჯგუფი „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება“. „აპოლიტიკური“ ჯგუფი, რომლის ადმინიც ორგანიზაცია „სირცხვილია“ და რომელშიც მოწოდებებს პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ.
„# NBAVOTE Zaza Pachulia-ს შემქნელ ერს, ვირტუალური თვითორგანიზება რომ არ გაგვიჭირდება, კი ვხვდებით, მაგრამ, იმასაც ხომ მოფიქრება უნდა, რომ ეს ენერგია დადებითი აქციების ნაცვლად ზიზღსა და ჰეითერობაზე მიმართო და თან ამის ორგანიზებაც არ მოგერიდოს.
არის ასეთი ფეისბუქჯგუფი „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება“. „აპოლიტიკური“ ჯგუფი, რომლის ადმინიც ორგანიზაცია „სირცხვილია“ და რომელშიც მოწოდებებს პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ… ყოველ შემთხვევაში, ჩემს ფეისბუქგვერდზე შემოსევის ბრძანება ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა გასცა.
დიდი ჯგუფია. პრონწკი. ყველა იქ ზის. ყველა, ვინც გარეთ მშვიდი გამომეტყველებით ადამიანზე, უფლებებზე, დემოკრატიაზე, სტრასბურგებზე და სტანდარტებზე გველაპარაკება.
სინამდვილეში, იგივე მშვიდი გამომეტყველებით, მონაწილეობენ კონკრეტული ცოცხალი ადამიანის სამიზნედ ამოღებაში, ჯგუფის წევრების ზიზღით დამუხტვაში, ადამიანზე სიტყვიერი თავდასხმის დაგეგმვაში, დატროლვის ტაქტიკის დალაგებაში, ზომბებივით სოციალური ქსელის პროფილებზე შესევაში და ცოცხალ-მკვდარის ამოტრიალებაში.
შესრულებული მისიის შემდეგ კი კმაყოფილების ბუკისა და სიამაყის ნაღარის ყიჟინას აყენებენ. თუმცა, ეს ყიჟინაც ჩაივლის, ყავის ბოლო ყლუპს მოხვრეპენ, ლეპტოპს დახურავენ და მორიგ ეთერში წავლენ, რათა გულწრფელი გამომეტყველებით გვესაუბრონ, რომ ცხოვრებაში მთავარი ადამიანია და ქცევაში კი – მორალი.
სიტყვა „მანიაკი“ ისმის ეს ბოლო პერიოდი. რა ვიცი, თუ რამეა მანიაკობა, ალბათ სწორედ ასეთ ჯგუფებში ადამიანზე თავდასხმის დაგეგმვა, ზომბებივით სხვის პროფილებზე შესევა, ზიზღის დანთხევა და ამით ვირტუალური სიამოვნების მიღებაა.
ჰოდა, სიტყვამ მოიტანა და, ძვირფასო მსგავსი ჯგუფების წევრებო, ორგანიზაცია „სირცხვილია“ კი გიწევთ ადმინობას, მაგრამ მარტო მაგიტომ არა, ზოგადად, სირცხვილია ჰეითერობა“, – წერს პაპუაშვილი.