მეუფე იაკობი პეტრე ცაავას განკვეთის მომხრეა
აუცილებლად მოხდება, იმსახურებს, – განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთასთან დაკავშირებით.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ფაქტის გამო, პასუხი ყველამ უნდა აგოს.
“თქვენ მკითხეთ მეუფე პეტრეს როლზე. ცოტა ხანში პარტიებმა რომ ასე აღარ გამოიყენონ ეგ ადამიანი, ალბათ ჩვენ მივიღებთ იმ ზომებს, რასაც იმსახურებს და მერე ყველანი ვნახავთ მაგის მდგომარეობას. ადრეც ვთქვი, ბოლომდე არ უნდა იხმარო და მერე არ უნდა გადააგდო. რა ზომებზეა საუბარი და რასაც იმსახურებს მიიღებს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მეუფე პეტრეს ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთა მოხდება, მეუფე იაკობმა უპასუხა: “აუცილებლად მოხდება, იმსახურებს და იმიტომ”.
“გუშინდელი ფაქტი, შეჭრა, ასეთი რამ რუსეთის დროს ხდებოდა. ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს და აგებენ. ალბათ არავის უნდოდა თქვენი გადაყრა აივნიდან, მაგრამ ასეთი რამ მოხდა. ფრთხილად იყავით, გასაგებია, ჟურნალისტები ხართ და ყველაფერი გაინტერესებთ, მაგრამ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით”, – განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.