წულუკიანმა ვენეციიის კომისიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო

იუსტიციის სამინისტროს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი თომას მარკერტი ეწვივნენ. დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო.
შეხვედრას აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. თეა წულუკიანი ვენეციიის კომისიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ინიციატივებზე − საკონსტიტუციო ცვლილებებისა და სასამართლო რეფორმის მეორე ტალღის შესახებ, ესაუბრა. დელეგაციის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საარჩევნო სიების დასაზუსტებლად მიმდინარე სამუშაოებითაც დაინტერესდნენ.
„რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს სასამართლოს რეფორმის მეორე ტალღა, რომელიც მომზადდა იუსტიციის სამინისტროში ძალიან ბევრი სახელმწიფო სტრუქტურის, მოსამართლეების, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით. ცვლილებების ეს პაკეტი გაეგზავნება ვენეციის კომისიას დასკვნისთვის. ის სიახლეები, რაც საუბრის დონეზე განვიხილეთ, შეფასდა როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ერთადერთი მიზნის მისაღწევად − რათა გაძლიერდეს რიგითი მოსამართლე და გახდეს დამოუკიდებელი საკუთარი ხელმძღვანელისგან. ეს ჩვენი რეფორმის მთავარი მიზანია. როგორც კი ვენეციის კომისია დადებს დასკვნას, ის პარლამენტს გადაეგზავნება. ვისაუბრეთ, ასევე, საკონსტიტუციო კომისიაზე, რომლის წევრიც არის იუსტიციის მინისტრი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ჩვენი უწყებისთვის ყველაზე მტკივნეული თემა სისტემაში პროკურატურის ადგილის პოვნა იქნება. პროკურატურა თუ არ იქნება იქ, სადაც ის უნდა იყოს, და გასული იქნება კონტროლიდან, მაშინ იგი დაემსგავსება საბჭოთა პროკურატურას. დღეს ამის რისკი არ არის, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში თუ კონსტიტუციამ მკაცრად არ ჩამოაყალიბა, რას აკეთებს პროკურატურა − ვის დაქვემდებარებაშია, როგორია გაწონასწორებული სისტემა, მაშინ ჩვენ შეიძლება შევეჯახოთ პრობლემას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის განმარტებით, საუბარი შეეხო საარჩევნო სიებსაც. მანვე აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია მონაწილეობას მიიღებს მარტში დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით იმართება.
ვენეციიის კომისია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა კონსტიტუციურ საკითხებში. მისი მიზანი სამართლებრივი სისტემის გაძლიერება, დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობისას წარმოქმნილი პრობლემების განხილვა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან. გასულ წელს იუსტიციის მინისტრის ინიაციტივით ვენეციის კომისიაში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გაიგზავნა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას ითვალისწინებდა. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციტივა ვენეციიის კომისიის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს. ვენეციის კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდება. ჯანი ბუკიკიო და თომას მარკერტი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან. ისინი აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები