მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ, შსს-მ გამოძიება დაიწყო
მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ტრავმა მიიღო მათმა ოპერატორმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანდა მათი ჟურნალისტი. ამასთან, “მთავარის არხის” ინფორმაციით, ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, სხვადასხვა დაზიანება მიიღეს „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“ და „პოსტივის“ წარმომადგენლებმა.
ცნობისთვის, 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა. ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა.