მეუფე შიო: ნამდვილი ქრისტიანი ცდილობს, ისე ააწყოს თავისი ცხოვრება, რომ მუდმივად ღმერთთან იყოს

“ნამდვილი ქრისტიანი ცდილობს, ისე ააწყოს თავისი ცხოვრება, რომ მუდმივად ღმერთთან იყოს”, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას აღნიშნა, დღეს იკითხება სახარება, სადაც მოთხრობილია იგავი საშინელი სამსჯავროს შესახებ.

„დღევანდელ კვირას ეწოდება საშინელი სამსჯავროს კვირა, რადგან ეს არის დიდი მარხვის წინ მოსამზადებელი ბოლო კვირა. დღეს იკითხება სახარება, სადაც მოთხრობილია იგავი საშინელი სამსჯავროს შესახებ. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს. როგორც გითხარით, აი, ამ კვირას და თვითონ ამ სამსჯავროსაც საშინელი სამსჯავრო ეწოდება. რა არის და რატომ ჰქვია მას საშინელი სამსჯავრო? იმიტომ, რომ ქრისტიანებს ეშინიათ, აღმოჩნდნენ განმარგლილნი სამუდამოდ, მარადიულად მოშორებულნი ღვთისაგან. ამიტომ ნამდვილი ქრისტიანი ცდილობს, ისე ააწყოს თავისი ცხოვრება, რომ მუდმივად ღმერთთან იყოს, ყველაზე მეტად ღმერთთან ყოფნა უნდოდეს და არა ისე, როგორც ხშირად ჩვენ ვართ ხოლმე – უფრო მიწიერი კეთილმოწყობა გვინდა, რათა ჩვენი შვილები კარგად იყონ. ძირითადად, ეს არის ჩვენი მთავარი სურვილი და როდესაც შვილები კარგად არიან, სხვა მიწიერი საქმეებიც კარგად მიდის, ძალიან ბევრ ადამიანს ღმერთი და ეკლესია ავიწყდება. რატომ? იმიტომ, რომ მათი მიზანი მიღწეულია – ღმერთისგან რაც უნდოდათ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ეს შესრულებულია. ნამდვილი ქრისტიანი ასე არ უნდა ცხოვრობდეს. ვიმეორებ, მთავარია, მუდმივად ღმერთთან ყოფნა. სახარების ამ მონაკვეთშიც უფალი გვასწავლის, რა სურს მას და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, ვისაც უნდა, მუდმივად ღმერთთან იყოს. უფალი მოგვითხრობს, რომ დადგება ჟამი, როდესაც მოხდება სამსჯავრო მთელი კაცობრიობისა, ხალხი შეიკრიბება უფლის წინაშე და უფალი გამოარჩევს მათ, როგორც მწყემსი არჩევს ცხვრებს და თხებს. უფალი თავის ანგელოზებთან ერთად „დაჯდება საყდართა დიდებისა თვისისათა; და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი… და დაადგინეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით“. და აი, მარჯვენით მისსა მყოფთ ეტყვის: „მოდით ჩემთან, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით“ – უფლის მარჯვენით დგებიან ისინი, ვინც სასუფეველს იმკვიდრებს.

რა ნიშნით გამოარჩევს ღმერთი ადამიანებს? – არც გარეგნობით, არც ნიჭით, არც ამა თუ იმ სფეროში წარმატებით, არც სიმდიდრით, როგორც ეს დღესაც ჰგონიათ მოციქულთა მსგავსად, რომელთაც თავის დროზე ჰკითხეს უფალს: ნუთუ მდიდარი ძნელად ცხონდებაო? აბა, რის მიხედვით არჩევს უფალი ადამიანებს? იმის მიხედვით, თუ როგორ აღასრულებენ ადამიანები ღვთის საქმეს, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე სახარებაში: „ეგრეთ ბრწყინებდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. საჭიროა კეთილი, მოწყალე გული, საჭიროა დიდი მოწყალება და სიყვარულის უნარი. მხოლოდ ამ თვისებების მიხედვით გამოარჩევს უფალი ადამიანებს საშინელი სამსჯავროს დღეს, რადგან უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ ღმერთში, უფალში უნდა ვმდიდრდებოდეთ და არა ჩვენში. ღმერთში გამდიდრებას ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად იმისა, მონათლულია იგი თუ არა, რომელ სარწმუნოებას და ეროვნებას ეკუთვნის, ჭკვიანია თუ არა, ნიჭიერია თუ არა, განურჩევლად ამ ყველაფრისა, ყველას მოწყალებით მოექცევა, ყველას მიმართ გაიღებს მოწყალებას. აი, ეს არის ის თვისება, რომლის შესახებაც საუბრობს დღევანდელ სახარებაში უფალი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები