გაეროს სააგენტოთა ჯგუფი, შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი, შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიესალმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას

“საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას და მნიშვნელოვნად აფასებს ყველა მონაწილეს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, ქმედით წვლილს ოქმის რატიფიცირების პროცესში. გაეროს მუდმივი კოორდინატორის საბინე მახლის განცხადებით, 2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღებასთან ერთად, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება გამოხატავს საქართველოს ძალისხმევას შესაბამისობაში მოიყვანოს ეროვნული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო-დოკუმენტები გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან.

ეს არის ვალდებულება, გადაიდგას კიდევ ერთი ნაბიჯი ბარიერებისაგან თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისაკენ.
ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, შესაძლებლობას აძლევს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტს განიხილოს საჩივრები კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი საშუალებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების განვითარების, გაძლიერებისა და დაცვისათვის საქართველოში. მეტიც, რატიფიცირება სრულყოფს და გააძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერისათვის შექმნილ შიდა მექანიზმებს, გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო საზოგადოებაში და წარმოაჩენს მის პასუხისმგებლობას გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში კონსტრუქციული ჩართულობის მიმართ. და ბოლოს, ის წვლილს შეიტანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების სათანადოდ გაცნობიერებასა და მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მხარს უჭერს მთავრობასა და პარლამენტს, რათა ვალდებულებები ხელშესახებ შედეგებად იქცეს და კვლავაც იღებს ვალდებულებას დაეხმაროს საქართველოს ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში, სადაც ყველა მოქალაქე ისარგებლებს ადამიანის უფლებებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები