მიხეილ სარჯველაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აქვს და, ასევე, კომიტეტის გეგმასა და ხედვას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის საკითხები.
„ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც აჩენს თანამშრომლობა ჰოლანდიის სახელმწიფოსა და ჩვენ სახელმწიფოს შორის. მათი საუკეთესო გამოცდილება ჩვენ ქვეყანას შემდგომ განვითარებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჰოლანდიური გამოცდილება ხშირ შემთხვევაში შეიძლება, ძალიან გამოსადეგი იყოს საქართველოსთვის, ვინაიდან ბევრი თვალსაზრისით შეიძლება, საერთო ნიშნები იყოს აღმოჩენილი ამ ორ სახელმწიფოს შორის”, – აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.
„შევეხეთ ზაზა გახელაძის თემას, რომელთან დაკავშირებითაც აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან აქტიური ჩართულობის საჭიროება იმისთვის, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლითაც შეგვიძლია ვაიძულოთ რუსეთი – ოკუპანტი სახელწმიფო უკან დაიხიოს და შესაბამისად, მივაღწიოთ გაუმჯობესებულ სტანდარტებს, როგორც კონკრეტულ ამ შემთხვევაში, ისე მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე რიგ საკანონმდელო ინიციატივებს, რომელიც შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. „ხაზი გაესვა ადამიანის უფლებების სტანდარტების მუდმივად გაუმჯობესების საჭიროების მნიშვნელობას, როგორც საშუალებას, რომ ჩვენმა ქვეყნამ დაიმკვიდროს ადგილი ევროპულ სახელმწიფოებს შორის”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.