კრემლის მეგობარი, რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრემიერობას არ გამორიცხავს – პესკოვი აცხადებს, რომ ქოჩარიანი მოსკოვთან არაფერს ათანხმებს

სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ მზად არის, ქვეყანას ისევ გაუძღვეს, თუმცა, ნიკოლ ფაშინიანზე შურისძიებაზე არც უფიქრია.

ამის შესახებ მან რუსული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, რას უნდა ელოდოს ფაშინიანი მთავრობაში მისი მოსვლის შემთხვევაში, ქოჩარიანმა თქვა, რომ ცხოვრებაში შურისძიების პრინციპით არ უხელმძღვანელია.

ქოჩარიანი ამბობს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და, სავარაუდოდ, გაიმარჯვებს. ის მხარს უჭერს ქვეყნის ოპოზიციისა და სამხედროების მოთხოვნას ფაშინიანის გადადგომასთან დაკავშირებით, თუმცა, იმასაც თვლის, რომ ქვეყანას ერთწლიანი გარდამავალი პერიოდი სჭირდება.

ქოჩარიანის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს კრემლის პრესმდივანს.

როგორც დიმიტრი პესკოვმა თქვა, “სომხეთის მეორე პრეზიდენტი – რობერტ ქოჩარიანი რუსეთის მეგობარი პოლიტიკოსია, თუმცა, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის საკუთარ ქმედებებს მოსკოვთან ათანხმებს, აბსურდულია”.

“სომხეთში პოლიტიკური პროცესების მონაწილეებს არ აქვთ აუცილებლობა, შეათანხმონ საკუთარი ქმედება რუსეთის პრეზიდენტთან. ეს საკითხის სრულიად აბსურდული ფორმულირებაა. თავად რობერტ სედრაკოვიჩი, რა თქმა უნდა, რუსეთის დიდი მეგობარია. ის დარწმუნებულია, რომ სომხეთისთვის მომგებიანია რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება. ეს ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი ქვეყნის განვითარებაში დიდი ძალისხმევა ჩადო და, ჯამურად, კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ სომხეთის პოლიტიკოსთა უმრავლესობა ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის განმტკიცების მომხრეა. ჩვენთვის ეს უმთავრესია”, – თქვა მან.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ ასეთი პოლიტიკოსების რიცხვში ნიკოლ ფაშინიანსაც მოიაზრებს.

რაც შეეხება რობერტ ქოჩარიანს, სომხეთში მისი წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ფაშინიანის მოსვლის შემდეგ.

ის დაადანაშაულეს 2008 წლის მარტში ქვეყნის საკონსტიტუციო წყობილების დამხობაში.

2018 წლის ივლისიდან ქოჩარიანი სამჯერ დააპატიმრეს.

2020 წლის ივნისში სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თავად პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მისი საქმე “თეთრი ძაფით არის შეკერილი” და რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები