“მზად ვართ, ჩავიდეთ რეგიონებში და უფრო მეტი ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება” – ნათია თურნავა

“მზად ვართ, კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან და ჩავიდეთ რეგიონებში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესი“ იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.
„მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა მივიღეთ დავალება პრემიერმინისტრისგან, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ზოგადად ჰესებთან დაკავშირებით და კერძოდ – „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით. მე მინდა, ვთქვა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის შეკითხვები მოსახლეობაში ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან, სარგებელთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს კომუნიკაცია – კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ ხოლმე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, მათ შორის, სხვადასხვა პლატფორმაზე, ჩავიდეთ რეგიონებში და უფრო მეტი ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, რამდენად დიდია ამ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საქმეში მსხვილი ჰესების როლი და რა სარგებელი მოაქვს „ნამახვანჰესს“, რომელიც, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები