მიხეილ სარჯველაძე: მოსაზრებებს იმის შესახებ, თითქოს საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია, კატეგორიულად ვემიჯნებით
“მოსაზრებებს იმის შესახებ, თითქოს საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია, კატეგორიულად ვემიჯნებით”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატია მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს წარმოდგენილი მოსახლეობის ის განწყობები, რომელიც არჩევნების შედეგად კონკრეტულ პერიოდში დაფიქსირდა.
„ეს არის კონსტანტა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არჩეული აქვს. გამორიცხულია, ვინმემ ამ გზას გადაუხვიოს. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ფორმატებში გარკვეული პირების მხრიდან ვისმენთ მოსაზრებებს, თითქოს, საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია, ამ მოსაზრებას კატეგორიულად ვემიჯნებით და გვაქვს კონკრეტული არგუმენტები ამის საპასუხოდ.
დემოკრატიის მიმართულებით, თუნდაც ის, რომ პარლამენტში არ შემოდის ოპოზიციის დიდი ნაწილი, მართლაც პრობლემებს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სრულფასოვნად წარმართვას. ვინაიდან დემოკრატია ამას მოითხოვს და დემოკრატია ასე მუშაობს, რომ პარლამენტში სრულად იყოს წარმოდგენილი მოსახლეობის ის განწყობები, რომელიც არჩევნების შედეგად კონკრეტულ პერიოდში დაფიქსირდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.