საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 372 ქალია დასაქმებული – უწყება თითოეულ თანამშრომელს დედის დღეს ულოცავს და ბედნიერ დედობას უსურვებს
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 372 ქალია დასაქმებული. უწყება ულოცავს თითოეულ თანამშრომელს დედის დღეს და ბედნიერ დედობას უსურვებს”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“დედის დღეს გვინდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 33 წლის ოპერატორი, მაია ტყეშელაშვილი გაგაცნოთ.
ხუთი შვილის დედა სახანძრო-სამაშველო ძალების დუშეთის სამმართველოში ოპერატორად უკვე ერთი წელია, მუშაობს. ის თავის მორიგეობას 24 საათიან რეჟიმში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ასრულებს და შემოსულ შეტყობინებებს მორეაგირე ჯგუფს გადასცემს.
“მორიგეობისას, მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლად ვარ. არასოდეს იცი, რა მოხდება. ყოველ წამს შეიძლება, ახალი ინფორმაცია შემოვიდეს და ვინმეს დახმარება სჭირდებოდეს. იმისათვის, რომ ოპერატორმა თავისი საქმე კარგად შეასრულოს, პირველ ყოვლისა, მუდმივი კონცენტრაციაა საჭირო. ბიჭები სახანძრო-სამაშველო ოპერაციებისას თავს არ ზოგავენ და ჩვენც არ გვაქვს უფლება, ყურადღება მოვადუნოთ. ვცდილობ, ჯგუფთან მუდმივ კავშირზე ვიყო და ყველა საჭირო ინფორმაცია გავარკვიო. მაგალითად, სახლის ხანძრისას, საჭიროა დენის გათიშვა და ეს ჩემს პასუხისმგებლობაში შედის. უნდა ვიზრუნო, რომ მეხანძრე-მაშველებს ადგილზე პრობლემები არ შეექმნათ. გარკვეული მოვალეობები დროთა განმავლობაში ჩვევაში გადადის და ისე ასრულებ, რომ გაცნობიერებას ვერ ასწრებ”
მაიასთან ერთად მუშაობს მისი მეუღლეც – ალექსანდრე ნანიაშვილი, რომელიც მეხანძრე-მაშველია. ცვლაში ერთად წასულებს სახლში 5 შვილი ელოდებათ, რომელთაგან უფროსი 14 წლის, ხოლო უმცროსი 4 წლისაა.
“გოგონების სკოლა სახანძრო-სამაშველო შენობასთან ახლოსაა, ამიტომ, ერთად ვემზადებით და გავდივართ ხოლმე. ისინი – სკოლაში, ჩვენ – მორიგეობაზე. ასეთი რეჟიმის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ბავშვებს ყურადღების ნაკლებობა აქვთ. ჩვენი მორიგეობისას, ისინი ბებიასთან რჩებიან. უმცროსი ბიჭი 4 წლისაა, თუმცა უკვე ძალიან აინტერესებს სახანძრო აღჭურვილობა და ტექნიკა. დიდი ინტერესით აკვირდება ხოლმე მამას და მის მეგობრებს. გოგონებიც ბევრ კითხვას გვისვამენ სამსახურთან დაკავშირებით, ყველაფერი აინტერესებთ – ვის სჭირდებოდა დახმარება, დავეხმარეთ თუ არა. ასე იზრდებოდნენ სულ და უკვე თვითონაც ცდილობენ დახმარების გარეშე არავინ დატოვონ. ვცდილობთ შვილებს ვასწავლოთ ზრდილობა, სხვების მხარდაჭერა და მგონი გამოგვდის. როგორც შეუძლიათ, ისე უდგანან გვერდით მეზობლებსა და მეგობრებს”.
მაია ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მისი საქმიანობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო, თუმცა, ამავდროულად საამაყოცაა.
“არ შეიძლება, არსებობდეს იმაზე კარგი გრძნობა, რომ ხარ ჩართული ადამიანების დახმარების პროცესში. ეს სამსახური ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია. თითოეული თანამშრომელი ჩემთვის ძმასავითაა. მათგან დიდ პატივისცემას და ყურადღებას ვგრძნობ. მთელი ცვლა ერთი დიდი გუნდია და უკვე არც ვიცი, ერთად რამდენი სიცოცხლე გადაგვირჩენია. ძალიან მეამაყება, რომ შეგვიძლია კეთილი საქმის კეთება”.
სულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 372 ქალია დასაქმებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ულოცავს თითოეულ თანამშრომელს დედის დღეს და უსურვებს ბედნიერ დედობას!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.