“არემჯისა” და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.

“არემჯის,, ინფორმაციით, მხარეებმა 3-წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამის შეთავაზებასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

“2017 წელს „არემჯისა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორნდუმის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც სტუდენტების განვითარებასა და მათ მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. 2018 წელს „არემჯიმ“ ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის სტიპენდია დააწესა. 2018-2019 წლებში „არემჯის“ სტიპენდიანტი 30-მდე ახალგაზრდა გახდა. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტიდან შერჩეული მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს საშუალება აქვთ, გახდნენ „არემჯის“ საზაფხულო სკოლის მონაწილეები. პროექტი ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ საუკეთესო სტუდენტებს კომპანიაში დასაქმების რეალური შანსი ეძლევათ. ყოველწლიურად სტუ-ის დაწყებითი კურსის სტუდენტებს „არემჯი“ სასწავლო-საველე პრაქტიკებზე მასპინძლობს, სადაც ახალბედა სამთოელები ამიერკავკასიაში უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი კომპანიის წარმოების სრულ ციკლს ეცნობიან. 2019 წელს სტუ-სთან ერთად კომპანიამ მუშაობა დაიწყო დუალურ საგანმანათლებლო პროექტზე – „ინდივიდუალური განვითარების გეგმა“, რომელიც პროექტში ჩართული თითოეული მონაწილესთვის, მათი კომპეტენციების განვითარების ინდივიდური პროგრამების შედგენას ითვალისწინებს.

თორნიკე ლიპარტია, „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ვთავაზობთ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში. „არემჯის“ ჰყავს 30-მდე სტიპენდიანტი, საზაფხულო სკოლაში 2019-2020 წლებში 120-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. გვსურს, მომავალი სამთოელები, გეოლოგები, ქიმიკოსები და სხვა მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტები სწავლის დაწყებისთანავე ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში. ვფიქრობ, ეს მათ სწორი პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ჩვენს კომპანიებში კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული და სტაბილური სამუშაო გარემო შევთავაზოთ.“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტისა და კომპანია „არემჯის“ მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს დარგის პოპულარიზაციას, ზრდის სტუდენტებს შორის მოტივაციასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებას. „უნივერსიტეტი მადლობას უცხადებს კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და წარმატებული სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის. უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის განახლებული მემორანდუმის საფუძველზე, ურთიერთთანამშრომლობა სამომავლოდ გაღრმავდება და უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და თავად სამთო დარგის განვითარებისათვის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. უახლეს მომავალში ვგეგმავთ, სტუდენტებთან ერთად ვეწვიოთ კომპანიას, ადგილზე გავეცნოთ წარმოებას და მათთან ერთად დავგეგმოთ დარგის პოპულარიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებები. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ „არემჯის“ ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში“, – აცხადებს სტუ-ის რექტორი, დავით გურგენიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები