საქართველოს პარლამენტს დღეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი წარედგინება. რა ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში – ამის შესახებ პარლამენტში, „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან იოსელიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
გაიზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე იქნება 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე იქნება 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით პარიტეტის პრინციპის დაცვით (1 პარტია 1 წევრი).
საარჩევნო პროცედურები
დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა;
აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა;
აიკრძალება საოლქო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე მიუხედავად იმისა იქნება თუ არა საჩივარი, 73-ივე საარჩევნო ოლქში შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 უბანი. ჯამში გადაითვლება 365 უბანი, ანუ უბნების საერთო რაოდენობის 10%.
საარჩევნო დავები
გაიზრდება საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები;
შესაძლებელი გახდება საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანა;
შესაძლებელი იქნება ცესკო-ს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში.