უჩა სეთური: არასწორი, თავის ინტერესებზე მორგებული მონოპოლისტების ტიპური განცხადებები აქვთ დიდ ოპერატორებს კომუნიკაციების კომისიის მიმართ

„კომუნიკაციების კომისიის ბოლო რეგულაციებით ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაკოტრებას. შესაბამისად, როდესაც მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორები კომისიას აკრიტიკებენ და ხშირად კრიტიკაზე მეტად ჭორაობენ, მათი ეს გაღიზიანება ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“,- ეს შეფასება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დიდი ოპერატორების წარმომადგენლების მიერ კომისიის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა გააკეთა.

მისი განცხადებით, კომუნიკაციების კომისია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე მონოპოლისტი კომპანიების მფლობელებს არ მოსწონთ.

ამასთან უჩა სეთური აცხადებს, რომ კომისიის თანამშრომლების კომისიის წევრებად არჩევა მისასალმებელი ფაქტია, ვინაიდან აღნიშნული აჩვენებს, რომ კომისიის წევრობის კანდიდატები პოლიტიკური ნიშნით აღარ ირჩევა და მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმია.

„კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები არ მოსწონთ, რადგან მონოპოლისტები ვეღარ იქნებიან და ამას აპროტესტებენ რეალურად. მივესალმებით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ უმთავრესად მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ბაზარი იყოს დაცული მონოპოლისტების თავნებობისგან. აბსოლუტურად სუბიექტური და არასწორი, თავის ინტერესებზე მორგებული მონოპოლისტების ტიპური განცხადებები აქვთ დიდ ოპერატორებს კომუნიკაციების კომისიის მიმართ, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ“,- აცხადებს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე უჩა სეთური.

მისივე განცხადებით, მისასალმებელია, რომ წევრობის კანდიდატები კომისიის თანამშრომლები არიან, რადგან მათ აქვთ დიდი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ზუსტად იციან ბაზრის გამოწვევები. რაც მთავარია, პროცესი არის ჯანსაღი, ვინაიდან კანდიდატები პროფესიული ნიშნით შეარჩიეს და არა პოლიტიკურით.

„მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც ამის წინააღმდეგია, როდესაც თანამშრომლები გადიან კომისიის წევრობის კანდიდატებად ეს იმის ნიშანია, რომ რეალურად აქვთ ადამიანებს, პროფესიონალებს შანსი კომისიის შიგნით გაიზარდონ და გახდნენ კომისიის წევრები. სხვა შემთხვევაში, როცა საუბარია არადემოკრატიულ ქვეყნებზე, კომისიის წევრობა არის ხოლმე პოლიტიკური ვაჭრობის და პოლიტიკური თანამდებობის პირების დასაქმების საგანი. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი, რომელიც იქ გაიზარდა, რომელმაც იცის ყველა დეტალი, რომელსაც აქვს სრული ინფორმაცია, ადმინისტრაციული ცნობიერება და მეხსიერება და მას აქვს ის შესაძლებლობა, რომ გახდეს კომისიის წევრი, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია, ნებისმიერი ევროპულ-დემოკრატიული ქვეყანა ამ შემთხვევაში გვეტყვის ჩვენ, რომ ეს არის სწორი და კარგი პრაქტიკა და არა პირიქით“,- განაცხადა უჩა სეთურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები