ფაშინიანმა “ისკანდერებზე” გაკეთებული განცხადება “უკან წაიღო” – კრემლი განმარტებით კმაყოფილია

“სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი რუსული სარაკეტო კომპლექსების “ისკანდერების” ეფექტურობის შესახებ შეცდომაში შეიყვანეს”, – განაცხადა ფაშინიანის პრესმდივანმა, მანე გევორკიანმა.

მისი თქმით, ფაშინიანის განცხადება გამოწვეული იყო არასწორი ინფორმირებულობით, რაზეც სომხეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტთანაც 25 თებერვალს ისაუბრა.

“სატელეფონო საუბრის დროს სხვა საკითხებთან ერთად სომხეთის პრემიერის განცხადებაც განიხილებოდა. სომხეთის პრემიერმა, ფაქტებისა და მონაცემების შეჯამებით, დაასკვნა, რომ მას შექმნილ ვითარებაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს”, – თქვა გევორკიანმა.

საკითხს კრემლშიც გამოეხმაურნენ. როგორც პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა,
მთავარია, საკითხზე სიმართლე აღდგენილია.

გასულ კვირას ნიკოლ ფაშინიანმა “ისკანდერების” ეფექტურობა ეჭვ ქვეშ დააყენა. მისი ეს განცხადება საექსპერტო წრეებში პროვოკაციად შეფასდა, რომელიც შეიძლება, იყოს მიმართული რუსეთის შეიარაღების დისკრედიტაციაზე.

მაშინ ფაშინიანის განცხადებას ქვეყნის გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილეც გამოეხმაურნენ, რომლებმაც, ფაქტობრივად, პრემიერს არაკომპეტენტურობის გამო დასცინეს. ფაშინიანმა თანამდებობიდან ჯერ გენშტაბის უფროსის მოადგილე, შემდეგ თავად ონიკ გასპარიანი გათავისულების შესახებ შუამდგომლობა პრეზიდენტს გაუგზავნა, გასპარიანი დღემდე ინარჩუნებს პოსტს.

25 თებერვალს ასევე გენშტაბმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. სომხეთის პრემიერმა აღნიშნული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და მომხრეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. ფაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად ერევანში მსვლელობა გამართა, თუმცა, საღამოსკენ განაცხადა, რომ აქციას ამთავრებს და ოპოზიციას მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელოდება.

თავის მხრივ, აქცია ოპოზიციამაც გამართა და შემდგომ ბაგრამიანის გამზირზე გადაინაცვლა. პრემიერის წინადადების საპასუხოდ, ოპოზიციაში აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მხოლოდ თანამდებობიდან მისი გადადგომის საკითხის განსახილველად დაჯდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები