ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც გენშტაბის უფროსი და ქვეყნის პრეზიდენტი არ ესწრებოდნენ

სომხეთის პრემიერმა, ნიკოს ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის წევრებმა ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხები, ასევე, ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე დგას.

შეხვედრას არ ესწრებოდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი – ონიკ გასპარიანი და ქვეყნის პრეზიდენტი – არმენ სარქსიანი.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 25 თებერვალს ქვეყნის გენშტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფაშინიანს გადადგომა მოსთხოვა.

სომხეთის პრემიერმა აღნიშნული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ კი მომხრეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. ფაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად ერევანში მსვლელობა გამართა, თუმცა, საღამოსკენ განაცხადა, რომ აქციას ამთავრებს და ოპოზიციას მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელოდება.

თავის მხრივ, აქცია ოპოზიციამაც გამართა და შემდგომ ბაგრამიანის გამზირზე გადაინაცვლა. პრემიერის წინადადების საპასუხოდ, ოპოზიციაში აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მხოლოდ თანამდებობიდან მისი გადადგომის საკითხის განსახილველად დაჯდება.

აღსანიშნავია, რომ გენშტაბის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა ფაშინიანმა კანონის მიხედვით ქვეყნის პრეზიდენტს გაუგზავნა. ოპოზიციამ კი ქვეყნის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და ჯარს ამბოხისკენ მოუწოდა, თუ სარქსიანი ონიკ გასპარიანის გადაყენებას მოაწერდა ხელს.

ოპოზიციამ მოლაპარაკება საკითხზე სომხეთის პრეზიდენტთან 26 თებერვალს გამართა, რომლის დასრულების შემდეგ სარქსიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საკითხზე კონსულტაცია გრძელდება. თუმცა, უკვე 27 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ არმენ სარქსიანმა ფაშინიანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განცხადება უკან დაუბრუნა.

დღეს ერევანში ოპოზიცია მორიგ მასშტაბურ აქციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები