“სოლიდარობის ფონდსა” და “ევროპის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ დაფუძნებულ “სოლიდარობის ფონდსა” და “ევროპის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ხელი “სოლიდარობის ფონდის” ხელმძღვანელმა – ია მაქაცარიამ და “ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცერექტორმა – თამარ ზარგინავამ მოაწერეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის დეტალები და შეთანხმდნენ, რომ 7 მარტს “ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტელემარათონი გაიმართება, რომლის მთავარი მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება იქნება. დაინტერესებულ ბიზნესსა და მაყურებელს ქველმოქმედებაში ჩართვის რამდენიმე საშუალება ექნებათ: მარათონის მსველობისას მოქალაქეებს “სოლიდარობის ფონდში” თანხის ჩარიცხვა როგორც ფასიანი სატელეფონო ზარით ნომერზე – 0901121212, ასევე – ფონდის ანგარიშზე სასურველი თანხის გადარიცხვით შეეძლებათ. “საქართველოს სოლიდარობის ფონდი” 2014 წელს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაფუძნდა. ფონდის საქმიანობის მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობისა და დიაგნოსტირების დაფინანსებაა.