თამარ გაბუნია: ე.წ. კომენდანტის საათი მობილობის კონტროლისთვის ძალიან ეფექტური გამოდგა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი მობილობის კონტროლისთვის ძალიან ეფექტური გამოდგა.
მისივე თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილურია.
„ე.წ. კომენდანტის საათი ძალიან ეფექტური გამოდგა ჩვენი გამოცდილებით მობილობის კონტროლისთვის. ამდენად, როდესაც ჩვენ დღეს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამდენი შეზღუდვის შემსუბუქებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეტაპობრივობა, რომელსაც ჩვენ ამდენი ხანი მივყვებოდით და მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე უნდა მივიღოთ უკვე გადაწყვეტილება იმაზე თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით კიდევ ის შეზღუდვები, რომელიც დარჩა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ რეალურად შედეგი დაგვანახა და ამდენად მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით.
დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილურია, თუმცა, არ არის იდეალური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღევანდელი შემსუბუქების პირობებში მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ აი ეს მდგომარეობა, რომელიც აქამდე ძალისხმევის შედეგად მივიღეთ, შენარჩუნდეს და არ მოხდეს მისი გაუარესება. ამდენად, გახსნის პირობებში თუნდაც დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება საფუძველს მოგვცემს, რომ ვიფიქროთ დარჩენილი შეზღუდვების შემდგომ კიდევ შემსუბუქებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.