გია ვოლსკი: ჩვენს ამერიკელ მეგობრებს კიდევ ერთხელ უნდა მივაქცევინოთ ყურადღება გარემოებებზე, რამაც ეს საკრიტიკო სიტუაცია შექმნა
“აშშ-ის განცხადება იყო ძალიან კრიტიკული, აღწერს იმ ვითარებას, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს კიდევ ერთხელ უნდა მივაქცევინოთ ყურადღება გარემოებებზე, რამაც ეს საკრიტიკო სიტუაცია შექმნა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შესახებაც ისაუბრა.
“არაფერი სიკეთე იმისგან, რომ მელია ასე ზვარაკად შესაწირად მიიყვანა “ნაცმოძრაობამ” ამ ვითარებამდე, ამაში არ არსებობს. მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე შედეგია ის, როდესაც ადამიანი პირდაპირ გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, აკეთებს ისეთ პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ამას ყველაფერს ჯახი მოჰყვეს და ღმერთმა დაგვიფარა, რომ ამ დაკავების ოპერაციას არ მოჰყვა ვინმეს დაშავება. ეს ამოცანა იყო მთავარი. მეორე მხრივ, რომ შეხედო, მე ვფიქრობ, რომ პროცესების გაცილებით უფრო მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი, რომელიც არ გულისხმობს არანაირ მოლაპარაკებას და ეს სულ ტყუილი და მოგონილი.
ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება იყო ძალიან კრიტიკული, აღწერს იმ ვითარებას, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ევროპელ მეგობრებს კიდევ ერთხელ უნდა მივაქცევინოთ ყურადღება გარემოებებზე, რამაც ეს საკრიტიკო სიტუაცია შექმნა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელიას დაკავებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლეთის მხრიდან, მათ შორის, განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ.