მალხაზ თოფურია: მელია აცხადებდა, სახელმწიფო არ ხართო, ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ვყოფილვართ!
,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, მალხაზ თოფურია ნიკა მელიას დაჭერის ფაქტს ეხმაურება:
-,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია დაიჭირეს.
-მიმაჩნია, რომ ცოტა დაგვიანებითაც მოუვიდათ მისი დაჭერა. ის მაშინ უნდა დაეჭირათ, როცა პარლამენტს შტურმით იღებდა. უნდა დაეჭირათ არა მხოლოდ მელია, არამედ სხვა დანარჩენებიც და ეს ამბავი დღევანდელ დღემდე არ გაგრძელებულიყო. მელია ხმამაღლა აცხადებდა, ქვეყანა არ ხართ, ჩემი დაჭერაც კი არ შეგიძლიათო. ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ქვეყანაც ვყოფილვართ. გაიხსენეთ მიშასდროინდელი სასამართლო გადაწყვეტილებები. 2 კილო ჯართის ქურდობისთვის ბავშვებს 17 წელს უსჯიდნენ, ცემით ნაწლავებდახეთქილ ადამიანებს უშვებდნენ ციხეებიდან და ახლა აღმოჩნდა, რომ თავად ციხეში წასვლაც არ უნდათ? რევოლუცია უნდათ და ცივი წყალი არ უნდა შეგვესხასო. ეგრე სად არის?
-გაერთიანებული ოპოზიცია დიდი აქციებისთვის ემზადება.
-ვერაფერს იზამენ. კარგა ხანია, მელიას ოფისში შეკრებილი პარტიების რაოდენობა მათსავე აქტივს აღემატება. 2000 “ნაცის” შეკრებაც გაუჭირდებათ, ასე რომ, წყნარად იყვნენ, სამართალი უნდა აღსრულდეს.
ია დანელია