კომუნიკაციების კომისია: ფრიდონ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას კანონმდებლობა უკრძალავს

ფრიდონ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს,ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაშია აღნიშნული. “მართვის კომუნიკაციების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის ფრიდონ ინჯიას მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი განცხადებების გამო. ფრიდონ ინჯია კომუნიკაციების კომისიის შესახებ გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით არღვევს საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსს, ამასთან მას აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ფრიდონ ინჯია და მისი ახლო ნათესავები ფლობენ წილს და უკავიათ მმართველობითი თანამდებობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ რამდენიმე იურიდიულ კომპანიაში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის რეგულირებად სუბიექტებს. აღნიშნული დეპუტატი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას პარლამენტის ეთიკის კოდექსი უკრძალავს. ამასთან დეპუტატ ინჯიას განცხადებები არის კომუნიკაციების კომისიის კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ფრიდონ ინჯია წარმოადგენს შპს „სისტემ ნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, რაც პირდაპირ წარმოადგენს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.” ამასთანავე ფრიდონ ინჯია ასევე წარმოადგენს სხვა ავტორიზებული პირის – შპს „ახალი ქსელების” წილის (46.238%) მფლობელს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ იურიდიულ პირებში წილებს ასევე ფლობენ ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრი (მეუღლე) და ახლო ნათესავები (შვილი). საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის” (რომელიც ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შესასრულებლად სავალდებულოა პარლამენტის წევრისთვის) მე-3 მუხლის „ა” ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. კოდექსის მიზნებისთვის „ოჯახის წევრსა” და „ახლო ნათესავში” იგულისხმებიან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები; საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით აცნობოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს;” ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პარლამენტის წევრს გააჩნია, როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ასევე მის მიერ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები