“ახალგაზრდებს განვითარების პერსპექტივას მისცემს” – შეფასებები “ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივაზე (ვიდეო)

“ჭიათურაში მულტიფუნქციური ცენტრის დაარსება ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა”, – ასე აფასებს “ჯორჯიან მანგანეზის” ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ჭიათურაში ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე შეიქმნა, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც ნატალია პატარიძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ე.წ. ტრესტის შენობის ახალი ფუნქცია ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, თავისსავე რეგიონში განვითარდნენ.

“რეგიონებში მთავარი გამოწვევა არის ახალგზარდების განვითარება, ახალგაზრდების ქალაქებში “დამაგრება” და ცხოვრებაა. ვფიქრობ, რომ, მეტნაკლებად, ეს სცენარი შეასრულებს ამ ფუნქციას და ახალგაზრდებს მისცემს განვითარების პერსექტივას რეგიონში. ვფიქრობ, რომ კარგი ინიციატივები კარგი იდეების განხორციელების შესაძლებლობა იქნება და ვუსურვებ ამ ცენტრს წარმატებას”, – განაცხადა ნატალია პატარიძემ.

“ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებას მიესალმება ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძეც. მისი თქმით, რეგიონის “სავიზიტო ბარათისთვის” ახალი დანიშნულება მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამ ფაქტის შეფასება მხოლოდ დადებითი კუთხით შეიძლება. ლიკლიკაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რა უარყოფითი კონტექსტი შეიძლება, ვინმემ მოუძებნოს ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდობას და არამხოლოდ მათ ახალ პერსპექტივებს უქმნის.

“ძალიან ვგულშემატკივრობ ჭიათურასა და მთელს იმერეთს, როგორც იმერელი კაცი და მიხარია ყველაფერი კარგის კეთება. ამის არდანახვასა და არშემჩნევას არ ვაპირებ. “დავპოსტე” კიდეც, როცა ვნახე ჭიათურის ეს უნიკალური შენობა, მართლაც სავიზიტო ბარათი, ჩვენი ზემო იმერეთისა და ჩვენი მხარის, იძენს ახალ სიცოცხლეს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობა აპირებს, შიგნით შეუშვას ახალგაზრდები. გეგმავენ, რომ ეს გახდეს განათლების კერა. ასევე იქნება ტრენინგ სივრცე და შეხვედრების სივრცე. მისასალმებელია და ცხადია, მხარს ვუჭერ ამ ყველაფერს”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” დავით ლიკლიკაძე.

ცნობისთვის, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს. „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი 5 ძირითად სივრცეს გააერთიანებს. ესენია:
სამუზეუმო, საგანმანათლებლო ტრენინგების სივრცეები, ასევე, კულტურულ-შემეცნებითი, სპორტულ-ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი, პროექტების განყოფილება და GM აკადემია.

მრავალპროფილური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი განათლების ხელშეწყობა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარება, რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ინდივიდური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენა-განვითარება, ინოვაციური პროექტების გენერირება, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები