ირაკლი ღარიბაშვილი: დავით გარეჯის საქმე ღალატის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც შესრულებულია უშუალოდ სააკაშვილის მიერ
“ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას და ჩვენ რა გვჭირს, რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დავით გარეჯის საქმე კლასიკური ღალატის მაგალითია, რომელიც შესრულებულია, უშუალოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ.
“დავით გარეჯის საქმეც თვალსაჩინო მაგალითია ღალატისა და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების, სააკაშვილის მიერ, უშუალოდ მის მიერ. პირველ ყოვლისა, ვიტყვი რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში შედგება. ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან და მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს და შევძლებთ მოლაპარაკებას.
ის სიცრუის პროპაგანდა, რომელიც ამ საქმესთან მიმართებით აწარმოეს, არის თვალსაჩინო მაგალითი. თითქოს, დავით-გარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე, ამ დროს, თავად შემსრულებლებმა თავად აღიარეს, რომ თითქოს ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც არის პირდაპირი ღალატი. რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას?! ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას და ჩვენ რა გვჭირს, რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ეს იყო უდიდესი ნაღმი ჩადებული, რომ ურთიერთობა დაძაბულიყო აზერბაიჯანთან”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.