ბიძინა გიორგობიანი: ხელისუფლებამ უნდა იპოვოს მოკავშირეები ოპოზიციის რიგებში და ისინი ,,ნაციონალური მოძრაობის“ მოსაცდელში არ უნდა ეძებოს
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყნის როლსა და ადგილზე კავკასიაში, პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატზე ,,კვირა“ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ბიძინა გიორგობიანს ესაუბრა:
-ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები შიდადაპირისპირებით არიან გართულნი, კავკასიაში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენები ხდება. არასწორი პოლიტიკური პრიორიტეტებით ხომ არ ვკარგავთ მთავარ – ლიდერის ფუნქციას კავკასიაში?
-საქართველო ახლაც ისეთ დღეშია, როგორშიც იყო ისტორიულად. ისეთ ისტორიულ გზაგასაყარზე ვცხოვრობთ, მუდმივად საკუთარი ქვეყნისა და ინტერესების სადარაჯოზე უნდა ვიყოთ და ათი წუთითაც კი არ მოვადუნოთ ყურადღება, თუმცა, ჩვენ ირგვლივ ისეთი ამბები ხდება, რატომღაც, ძალიან გვიან ვიგებთ ხოლმე ამის შესახებ და შემდეგ მუდმივად ჩვენსავე გულგრილობას მივტირით. მიუხედავად ამისა, არ მიმაჩნია, რომ საქართველო გეოსტრატეგიულ ადგილს კარგავს კავკასიაში. ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით, კავკასიაში საკუთარი ადგილი გვაქვს განსაზღვრული, დღესაც მოწინავე ერი ვართ და ლიდერის ფუნქცია გვაკისრია მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ეკონომიკის განვითარებით დემოგრაფიული მაჩვენებლებითა და სამხედრო თვალსაზრისითად მეზობელმა აზერბაიჯანმა ნამდვილად გაგვისწრო. ამ ისტორიულ უპირატესობას საქართველო დღემდე ინარჩუნებს და მომავალშიც შეინარჩუნებს, თუ რაიმე განსაკუთრებული სისულელე არ ჩავიდინეთ და საკუთარი ქვეყანა ჩვენვე არ დავღუპეთ.
-,,განსაკუთრებულ სისულელეში“ რას გულისხმობთ?
-სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რასაც კარგა ხანია, აანონსებენ ,,ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ,,პარტიუშკები“. ისინი საკუთარ ქვეყანაში ტერორისტებივით ჯერ კიდევ მაშინ იქცეოდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, 2004 წლიდან 2012 წლამდე. გახსოვთ მოქალაქეებისთვის შხამის თვალებში შესხმა, ქვების სროლა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სისხლის სამართლის დანაშაულებებზე, რასაც ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ თუნდაც ციხეებში აკეთებდა. თუ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ სასტიკი დანაშაული არ ჩაიდინა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არა მგონია, კავკასიაში ლიდერის ფუნქცია დავკარგოთ. თუ კატასტროფა მაინც მოხდება და დროებით ისტორიულ ქარიშხალში მაინც მოვყვებით, ჩვენს ადგილსა და ფუნქციებს მალევე დავიბრუნებთ, რადგან ჩვენში ჭკვიანი ადამიანები ჯერ კიდევ ბევრნი არიან, თუმცა, არც სულელები გვაკლია, სამწუხაროდ.
-იქმნება შთაბეჭდილება, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე დღეს იმაზე მეტად ზრუნავენ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტი.
-დასავლელ პარტნიორებს კარგად ესმით ახლა მშვიდობიანი კავკასიის ფასი. ოპოზიციას უკანასკნელ თვეებში სტილადაც კი ჩამოუყალიბდა დიპლომატიური კორპუსის ლანძღვა. ეს ბოლშევიკების ჩვეული მეთოდია, რომლებიც დასავლეთს უშვერი სიტყვებით დღენიადაგ ლანძღავდნენ. სწორედ ბოლშევიკების ქმედებების ანალოგიურია დღევანდელი ოპოზიციის დიპლომატიური კორპუსის ლანძღვა-გინების კორიანტელი, რომლებიც აქამდე მაკიაველის მორალის მიმდევრებად რჩებიან: ,,ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია.“ თუმცა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადების შემდეგ პოზიციას ოდნავ შეიცვლიან და იტყვიან, რომ ამერიკა ქართული ოპოზიციის მხარესაა და გააგრძელებენ ილუზორულ სამყაროში ცხოვრებას.
-სასამართლო გადაწყვეტილება მოითხოვს, რომ პატიმრობა მიესაჯოს საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერს. ერთგვარ უხერხულობას ხომ არ ქმნის ოპოზიციური პოლიტიკური დაპატიმრება ხელისუფლებისთვის?
-მე არ ვთვლი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ვერც ,,დიდმა“ და ვერც ,,მცირე“ პარტიებმა ჩამოყალიბებული პოლიტიკური სახე ვერ მიიღეს. გაუგებარია, რომელი ჯგუფების ინტერესებს იცავენ ესა თუ ის პოლიტიკური გაერთიანებები: ეთნიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ პროფესიული ჯგუფების ინტერესებს. ნიკა მელიას დაპატიმრებას რაც შეეხება, ის თავადვე ითხოვდა სადეპუტატო უფლებების გაუქმებას და რატომ გახდა საჭირო, პარლამენტს მისთვის შეეჩერებინა უფლებამოსილება იმ პირობებში, როდესაც თავადაც ამას ითხოვდა? უმრავლესობიდან ვინმემ უნდა განმარტოს, რატომ მიიღეს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება გაურკვევლობაში დარჩება და ექნება პასუხგაუცემელი კითხვები.
-მმართველი პარტია სასამართლო გადაწყვეტილებამ ცაიტნოტში აღმოჩინა. თუ ნიკა მელიას ვერ დააპატიმრებს, ,,ქართულ ოცნებას“ სახელი გაუტყდება ელექტორატის თვალში, ოპოზიციური პარტიის ლიდერს კი ამომრჩეველი გმირად შერაცხავს.
-რატომ გაუტყდება სახელი ხელისუფლებას, თუ ნიკა მელიას ციხეში არ ჩასვამს? ხელისუფლებას ავტორიტეტი შეიძლება, შეელახოს იმ შემთხვევაში, თუ ვერ გაუმკლავდა პანდემიას, ვერ შეავსებს ბიუჯეტს და ვერ დაარიგებს ხელფასებსა და პენსიებს, ვერ გაისტუმრებს საგარეო ვალს და ვერ მოემსახურა სოციალურ პაკეტებს, ვერ გახსნის ეკონომიკას და ხელს ვერ შეუწყობს ბიზნესის განვითარებას. სხვა შემთხვევაში, ნიკა მელიას დაჭერა-არდაჭერის საკითხი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ვერ გამოდგება და ის მეასეხარისხოვანი იქნება. მელიას თემა მთელი ქვეყნისთვის სატელევიზიო შოუში მონაწილეობის საშუალებაა, რომელიც ძალიან სასაცილო ხდება, იყოს გამომწყვდეული იმ თავის ოფისში, ხელისუფლებამ კი იმუშაოს ვაქცინის დროულ შემოტანაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სოციალური პაკეტის გაზრდაზე, სხვა საგარეო თუ საშინაო პრობლემებზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. რაში აინტერესებს საზოგადოებას, რას იტყვის ვიღაც გარეწარი მელია და სააკაშვილი, ბურჯანაძე და ოქრუაშვილი ოპოზიციური ლიდერის დაჭერა-არდაჭერაზე?
-ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ჩიხშია შესული და მის განსამუხტად ოპოზიციას მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები მიაჩნია.
-რიგგარეშე არჩევნები პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვას სულაც არ შეუწყობს ხელს და არაფრისმომტანი იქნაბ. არჩევნების შემდეგ ოპოზიცია მიიღებს იმავე ან იმაზე უარეს შედეგს, რაც დღეს აქვთ. დღევანდელი ოპოზიცია შედგება ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებსაც პარლამეტში შესვლა, იქ კანონების წერა და კომიტეტებში მუშაობა კი არ სურთ, ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდათ, თანაც ეს ძალაუფლება 100%-იანი უნდა იყოს. ოპოზიციის სახით ჩვენ გვყავს სოციალური ფენა, რომლებსაც არ აქვთ არანაირი განათლება, გარდა იმისა, ვის მიემხრონ და ვის განუდგნენ, ვინ აქონ და ვის აგინონ, ვისგან აიღონ ფული და ვინ უფრო მეტს გადაუხდის ყვირილის ფასად. მითხარით, რა პროფესიის ადამიანები არიან ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ოქრუაშვილი? საშოვარზე გამოსული პოლიტიკოსები, რომლებმაც მხოლოდ ამგვარი ხერხით იციან ოჯახის რჩენა? მათთვის მთავარია, ბიუჯეტზე მიუწვდებოდეთ ხელი და ასე გამოკვებონ ცოლ-შვილი, რადგან სხვა პროფესია არ გააჩნიათ. ნინო ბურჯანაძის ქმარს, მაგალითად, ნახევარი საქართველოს სანადირო მეურნეობები ამ გზით აქვს ხელში ჩაგდებული. სააკაშვილის ერთადერთი სურვილი ავლაბრის სასახლეში ჯდომა და იქედან ბრძანებების გაცემაა. ხელისუფლების გაყოფა მას სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც კი არ სურს და კოლეგა ოპოზიციონერებს მხოლოდ ,,პარტიუკებს“ უწოდებს. მისი ერთადერთი სურვილი რევანში და ხელისუფლების დაბრუნებაა.
-როგორ შეიძლება, ხელისუფლებამ ქვეყანა ამ პოლიტიკური სტაგნაციიდან გამოიყვანოს?
-,,ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ მათ არ ჰყავთ პარტნიორი პარტიები და კოალიციები პოლიტიკურ ველზე. ისინი ოპოზიციონერთა შორის დარჩნენ მარტო ყველას წინააღმდეგ. ასეთი მდგომარეობა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მოქნილობასა და დიპლომატიაზე არ მეტყველებს, რადგან მმართველი პარტია ქვეყნის განვითარებაზე აგებს პასუხს. ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს პოლიტიკური სურათი, გამოვიდეს გამარჯვებულის ხიბლიდან. უნდა მოიმხროს სხვა პარტიები, გამართოს მათთან პოლიტიკური კონსულტაციები, იპოვოს თანამოაზრეები. ეს პარტიები, რასაკვირველია, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მოსაცდელში არ უნდა ეძებოს. მადლობა ღმერთს, პროფესიონალები, საკუთარი საქმისა და ქვეყნის ერთგული ადამიანები ქვეყანას ჯერ კიდევ ჰყავს.
-ვის გულისხმობთ სხვა ოპოზიციურ პარტიებში?
-ამ კვირას პარლამენტს უნდა განეხილა კანონი აგროეკოტურიზმის შესახებ, რომელიც ჩავარდა. ასეთ კანონპროექტების განხილვისას პარლამენტმა უნდა მოიწვიოს ყველა დაინტერესებული მხარე, ეკონომიკის ექსპერტებიდან დაწყებული, ფერმერებით დამთავრებული. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი თანამოაზრე პარტიებისა და ექსპერტების შეძენა, ასე იქმნება თანამშრომლობა პოლიტიკურ სუბიექტებთან და არა იმაზე მსჯელობით, მოიხსნის და გადააგდებს თუ არა სამაჯურს ნიკა მელია. დემოკრატიული ქვეყნების ელჩების არ გვრცხვენია, ბოლოს და ბოლოს? ვინც რას გვეტყვის, იმათი ჭკუითა და რეკომენდაციებით უნდა ვმართოთ ჩვენი ქვეყანა?
-ქვეყანას ახალი პრემიერმინისტრობის კანდიდატი ჰყავს. როგორი პრემიერი იქნება ღარიბაშვილი?
-ღარიბაშვილი უკვე მეორედ ბრუნდება ამ თანამდებობაზე. პირველად საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, ამას მიეწერება ის შეცდომები, რომელიც მის მოღვაწეობას თან ახლდა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის ხისტია, არ შესწევს მოლაპარაკებათა პროცესის წარმართვა და ასე შემდეგ. პრემიერმინისტრის სიხისტე უარყოფითი თვისება სულაც არაა უკანონობასთან ბძოლაში. პრემიერმინისტრობა ისეთი თანამდებობაა, თანამდებობრივი ფუნქციების განხორციელებისას პირადი ინტერპრეტაციები ნაკლებად გეპატიება, არ მგონია, ღარიბაშვილმა მომავალში ეს არ გაითვალისწინოს და, როგორც პრემიერმინისტრმა, განსაკუთრებული სიჯიუტე გამოიჩინოს ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას.