“საქართველომ შეძლო და ჩვენ რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს”,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-სთან და ევროკავშირთან ხელმოწერილი კონტრაქტების ფარგლებში ვაქცინების დამატებითი დოზების მოწოდების თარიღები დგინდება.
„ვაქცინების მიღებისა და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელების მთავარი პირობა ქვეყნის მზაობაა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. „კოვიდ-19“-ის ვაქცინების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მომენტიდან, უშუალოდ ვაქცინაციის პროცედურამდე, ყოველი ნაბიჯი დაგეგმილია. ქვეყნის მასშტაბით უკვე შერჩეული და მომზადებულია ვაქცინაციის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებები, დასრულდა სამედიცინო პერსონალის აქტიური გადამზადება, უზრუნველყოფილია ვაქცინების უსაფრთხოდ შენახვის ყველა პირობა, ცივი ჯაჭვის განსაკუთრებული პირობების ჩათვლით. მოგეხსენებათ, ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში ნებაყოფლობითია. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები გამოიჩენენ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ჩვენ ერთად შევძლებთ პანდემიის დასრულებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.