„მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული“ – მედეა ჯაფარიძე – 98       

დღეს ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარული ხელოვანის მედეა ჯაფარიძის დაბადების დღეა. ჩემი ნება რომ იყოს, 20 თებერვალს სილამაზისა და მშვენიერების დღედ დავაწესებდი, იმდენად დიდი წყალობა მოიღო განგებამ მისი მოვლინებით ამ ცოდვილ დედამიწაზე.
მართალია, მშვენიერებას არც ომის შეჩერება შეუძლია და არც კაცობრიობის გადარჩენა ავი ზრახვებისგან, მაგრამ მას ადამიანების და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა ნამდვილად ძალუძს. მედეა ჯაფარიძე ამ ძალას ასხივებდა თავისი ამქვეყნიური ყოფნით და ამასვე შეგვახსენებს აწ უკვე მარადიული სიცოცხლით.

მედეა ჯაფარიძე კლეოპატრას როლში, პორტრეტი შესრულებულია საქართველოს სახალხო მხატვრის ნათელა იანქოშვილის მიერ

ქალბატონი მედეა ვახტანგ ტაბლიაშვილმა გამაცნო. სწორედ მისი დახმარებით მოვხვდი პოეზიის საღამოებზე, რომელსაც მედეა ჯაფარიძე მართავდა ხოლმე წინა საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს. მე  ვესწრებოდი მის უკანასკნელ წარდგომას საზოგადოების წინაშე, ვისაც ასერიგად ენატრებოდა და ნუგეშად ევლინებოდა იგი.
1991 წლის 4 ოქტომბერს გაიმართა აღნიშნული შეხვედრა. მას შემდეგ მედეა ჯაფარიძე საჯაროდ აღარსად გამოჩენილა. ისედაც საკვირველი იყო, ან კი როგორ დათანხმდა, თავისი ძვირფასი მეუღლის რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ამ შეხვედრას? მაგრამ რადგანაც მას უზომოდ უყვარდა სიცოცხლე და ადამიანები და მათგანაც უკიდეგანო სიყვარულს გრძნობდა, არ შეეძლო, უარი ეთქვა დიდი პირადი ტკივილის მიუხედავად.
თბილისის ზღვასთან ახლოს მდებარე მოხუცთა სახლში გაიმართა ეს შეხვედრა, მისი დირექტორისა და პატრონის ქალბატონ მერი გოგოლის თხოვნით. აქ იმხანად 30-მდე მოხუცი იმყოფებოდა და როცა დიდ მსახიობს გაანდეს მათი სურვილი, სულმოუთქმელად ელოდებიან თქვენს ამოსვლას და თქვენთან საუბარსო, დიდსულოვნად დათანხმდა.
მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მოხუცების მიმართ, მითუმეტეს, მაშინ ახლად იკიდებდა ამგვარი პრაქტიკა ფეხს საქართველოში და საჭიროდ ჩათვალა მათთან სტუმრობა და სიტყვით გამხნევება. იგი სათუთად მიეფერა ყველა მოხუცს და ძალზე ბუნებრივად პარიზთან ახლოს მდებარე მოხუცებულთა სახლის ბინადრებზე დაიწყო საუბარი, სადაც მან ხუთიოდე წლის წინათ მოინახულა გალაკტიონის მუზა მერი შერვაშიძე, 90 წელს გადაცილებული ქალბატონი.
ამ ამბავმა განსაკუთრებით გააღვივა აუდიტორიის ინტერესი, ისინი ეკითხებოდნენ, როგორ ცხოვრობდნენ იქაურ პანსიონში? ასევე დააინტერესათ, მერი შერვაშიძე პირადად თუ იცნობდა პოეტს? მახსოვს ქალბატონი მედეას მაშინდელი ნაამბობი: „რასაკვირველია, მე მას დავუსვი ეს კითხვა, აშკარად არ ესიამოვნა და ერთგვარი გაბრაზებაც გამოხატა, მსმენია, მაგრამ მე არ ვიცნობდი ასეთ პოეტს… მაშინ მე ასე მივმართე, მართალია, თქვენ მას არ იცნობდით, მაგრამ შესაძლოა, ის თავად გიცნობდათ შორიდან და ისევე გეტრფოდათ, როგორც შეიძლება პოეტი ეტრფოდეს ყვავილს, ბუნებას, სილამაზეს? ვიგრძენი, რომ ამ სიტყვებით მისი ქედმაღლური ამბიცია საგრძნობლად დავაცხრე და თავის ოდნავი დაკვრითა და ღიმილით დამეთანხმა“.
ამ საუბარს ბუნებრივად მოჰყვა გალაკტიონის „მერი“ მედეა ჯაფარიძის მხატვრული კითხვით. გალაკტიონს მოჰყვა პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ბარათაშვილის, პასტერნაკის ლექსები. მსმენელი აღფრთოვანების ტაშს აგებებდა მსახიობის მიერ წაკითხულ უნატიფეს და უმშვენიერეს ლირიკას. ბოლოს ისევ გალაკტიონს მიუბრუნდა და საფინალოდ „მზეო თიბათვისა“ შემოინახა. დაიწყო კითხვა და როგორც კი ჩაათავა ეს სტრიქონები:
„იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები“…
უცებ გაისმა ქვემეხების სროლის ხმა, რასაც ავტომატების ხმაურიც დაემატა. მოხუცთა სახლის კედლები შეზანზარდა და ფანჯრის მინებმა ზრიალი დაიწყო… ყველა შევცბით, ქალბატონი მედეაც შეჩერდა და ელდანაცემი ვაყურადებდით ზალპების შემაძრწუნებელ ხმას, რომელიც დროდადრო ახლდებოდა და სულ უფრო ძლიერდებოდა…
ამ დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისის ზღვაზე დაბანაკებულ განდგომილ გვარდიელებსა და  ხელისუფლების შეიარაღებულ ძალებს  შორის შეტაკება დაიწყო… ყველა დაგვზაფრა ამ ამბავმა და ქალბატონ მედეასთან და სხვა სტუმრებთან ერთად გულშეძრულები დავემშვიდობეთ მოხუცებულთა სახლის ბინადართ. ჩემს მახსოვრობას კი სამუდამოდ შემორჩა ლოცვად აღვლენილი მედეა ჯაფარიძე, რომელიც მზეს ავედრებდა ფრთებით დაეფარა ყალყზე შემდგარი და ავ წერას ატანილი საქართველო.
… ვერ უშველა მზისადმი სავედრებელმა ლოცვამ, ვერც გალაკტიონმა და ვერც მედეა ჯაფარიძემ, ანუ მშვენიერებამ ვერ უწამლა სისატიკეს, მრისხანებასა და სიძულვილს. მშვენიერება უძლური აღმოჩნდა სისხლმოწყურებული ქართველების წინაშე. 22 დეკემბერს კი დაიწყო ძმათამკვლელი ომი, რომელმაც მიწასთან გაასწორა რუსთაველი და  საქართველოს გულ-ღვიძლი გამოფატრა…
შეიძლება ითქვას, რომ მედეა ჯაფარიძე ამ ომმა გადაიყოლა, სულ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა და ორიოდ წელიწადში, 1994 წლის 31 მარტს, აღესრულა კიდეც.
მედეა ჯაფარიძის ფენომენი მე მაგონებს ანა კალანდაძის მოვლინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გატანჯულ ხალხს და ქვეყანას სჭირდებოდა შვება და ნუგეში, როგორც მურმან ლებანიძე ამბობდა ანა კალანდაძეზე: „რკინითა და აბჯრით შეჯავშნულ მთელ ქართულ პოეზიას შეახსენე, რომ არსებობდა დავიწყებული ცის ლურჯი ნაჭერი და მინდვრის სუსტი ყვავილი, არსებობდა პიროვნული, კერძო სამყაროც“.
მედეა ჯაფარიძეც ომის შედგომ ამობრწყინდა თავისი უჭკნობი კინო და სცენური სახეებით, რომლებმაც ქართველი ხალხის დათრგუნულ სულს იმედის სხივი და მხნეობა შემატეს.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები