„საქართველოში პოლიტიკური გადატრიალება მზადდებოდა, ეს სააკაშვილის სტილია“ – ვახტანგ მაისაია

“საქართველოში პოლიტიკური გადატრიალება მზადდებოდა”, – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაისაია ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. ანალიტიკოსის თქმით, ქვეყანაში სახელმწიფოებრივი კრიზისის რბილი ფაზა დაიწყო.

„გუშინ ორი შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რომელმაც ლამის პოლიტიკურ აგონიაში ჩააგდო მთელი საზოგადოება. გუშინ აწ უკვე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გამოსვლამ, ფაქტობრივად, გამოხატა ის მომენტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფო კრიზისის რბილ დონეზე გადავიდა.
მიკვირს განცხადებები იმის შესახებ, რომ თურმე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ვადა არ გააჩნია. ეს ანომალიაა. ვისაც კანონსა და სამართალმცოდნეობასთან შეხება აქვს, განსაკუთრებით, ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით – და მე ამ დარგის სპეციალისტი ვარ, ყველამ იცის, რომ 24 საათის განმავლობაში თუ არ მოხდა სასამართლოსა და ძალოვანი სტრუქტურების გადაწყვეტილებების აღსრულება, შემდგომ ასეთი ქმედებების განხორციელებისათვის ყოველგვარი აზრი იკარგება. ამას აქვს სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური მომენტები.
უნდა ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ, „ნაციონალურო მოძრაობა“ დღეს არის ერთერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია. ბუნებრივია, მისი თავმჯდომარის მიმართ ასეთი დილეტანტური მიდგომა ბევრ კითხვას იწვევს. როცა შენ იწყებ ნაბიჯს და არ ამთავრებ, არ კრავ საქმეს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების საქმეს ეხება, შეიძლება ითქვას, რომ ასეთ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ანგაჟირება გააჩნია. ეს ორი ფაქტორი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი კრიზისია. ჯერჯერობით საწყისი, რბილი ფორმის.
მესამე მომენტი: მინდა, სიტუაცია გავაანალიზო, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტმა. ფაქტობრივად, საქართველოში პოლიტიკური გადატრიალება მზადდებოდა. ასეთი სცენარი იდგმებოდა. ეს რაში გამოიხატა: ეს ჩანდა დილის 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. შეიქმნა სახელისუფლებო ვაკუუმი, მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე მაქვს საუბარი. წინა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, მოუწოდა თავის მომხრეებსა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ წარმომადგენლებს, რომელიც მის პარტიაში არიან, რომ დაეწყოთ კონკრეტული ღონისძიება სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებზე, ძალოვანი სტურქტურების წარმომადგენლებზე, მოეძიებინათ სიები, გასულიყვნენ მათთან კომუნიკაციაზე, ასევე, მათი ოაჯხის წევრებზე ზეწოლა მოეხდინათ. ფაქტობრივად, იკვეთებოდა პოლიტიკური გადატრიალების კონტურები. ეს, ბუნებრივია, სააკაშვილის სტილია. მან არაერთხელ გააკეთა ასეთი ქმედება. როცა 10-ის ნახევრაზე პოლიციის წარმომადგნელები მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან და გადასცეს კონკრეტული გაფრთხილება, გასაგები იყო, რომ წესდების მიხედვით 1 საათში დაიწყებოდა აყვანის ოპერაცია, რა თქმა უნდა, ეს მოხდებოდა შტურმით. ამას დაასწრო გახარიამ და გააკეთა პრევენციული ღონისძიება. მან აღნიშნა, რომ ამ ფორმით მელიას დაკავებას არ ეთანხმებოდა. იკვეთება გადატრიალების მომენტი, ერთი და მეორე მხარე, როგორც ჩანს, ემზადებოდნენ ძალოვანი სტრუქტურის განვითარებისათვის.
ღარიბაშვილის დაბრუნებამ დააბალანსა სიტუაცია იმ კუთხით, რომ ის იყო თავდაცვის მინისტრი, მანამდე – შს მინისტრი, მას უფრო მეტი ნდობა და რეიტინგი ჰქონდა ძალოვან სტრუქტურაში, ვიდრე – „ქართული ოცნების“ „ლიდერშიფს“. ღარიბაშვილის ფაქტორმა სიტუაცია შემოაბრუნა. თუმცა, ეს სიტუაცია არ დასრულებულა. სიტუაცია დაბრუნდა საწყის პოზიციებზე“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა გუშინ დატოვა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე მან განაცხადა, მისი გადაწყვეტილება პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

„ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც ქართულ კანონმდებლობას დიდად არასდროს სცემდა პატივს. იგი არის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტური ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, მიუღებელია“, – განაცხადა გახარიამ.
მმართველმა გუნდმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები