ანრი ოხანაშვილი: თუკი ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვებზე პასუხის მიღება უნდათ, იქნება ეს თავად ნიკანორ მელია, თუ იქნებიან ეს პარლამენტის სხვა წევრები, პარლამენტში უნდა მოვიდნენ

“თუკი ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვებზე პასუხის მიღება უნდათ, იქნება ეს თავად ნიკანორ მელია, თუ იქნებიან ეს პარლამენტის სხვა წევრები, პარლამენტში უნდა მოვიდნენ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავს.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მათ სრული უფლება აქვთ, დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და დასვან შეკითხვა.

„მე ვხედავ დარბაზში ოპოზიციონერ კოლეგებს, კომიტეტზე წარმოდგენილი არიან „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“. მოვუწოდებ სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც სამწუხაროდ არიან საბოტაჟის რეჟიმში, მობრძანდნენ კომიტეტზე და დასვან შეკითხვები, თუკი რაიმე შეკითხვები აქვთ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან. სწორედ პოლიტიკოსებმა, ამ შემთხვევაში კომიტეტის წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც გვაქვს მონიჭებული, უნდა გამოვიყენოთ სრულად. ამიტომ, ვიმედოვნებ, თუკი მათ აქვთ სურვილი, ყველა საკითხი რაც მათ აინტერესებთ, პასუხი მიიღონ, უნდა მოვიდნენ პარლამენტში, იქნება ეს თავად ნიკანორ მელია, თუ იქნებიან ეს სხვა პარლამენტის წევრები, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან და არ შემოდიან. მათ სრული უფლება აქვთ, დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და დასვან შეკითხვა. ამიტომ, ეს კარი მათთვის ღიაა. ჩვენ ველოდებით, თუკი მათ აქვთ რეალური ინტერესი საკითხის გარკვევისა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები