დავით სერგეენკო: ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეჩერებული იქნება

“ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეჩერებული იქნება”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით სერგეენკომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ადამიანი თვლიდეს, რომ კონკრეტულად მისდამი უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს.

„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ, უმრავლესობაში ბევრი არგუმენტების გაცვლა გვქონდა. საბოლოოდ, ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, რომ იმუნიტეტი შეჩერებული იქნება. აქამდე რამდენიმე ფაქტორმა მიგვიყვანა. პირველი ის, რომ კანონი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ადამიანი თვლიდეს, რომ კონკრეტულად მისდამი უსამართლო იყო გადაწყვეტილება მიღებული. კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს. მეორე ის, რომ სპეციალურად დავინტერესდი, თუ რამდენი ადამიანი ატარებს დღეს საქართველოში იმავე სამაჯურს სხვადასხვა მიზეზის გამო და ასეთი აღმოჩნდა 400-მდე ადამიანი. ძალიან რთული იქნება მათთვის ასახსნელად, რატომ მოვიქეცით ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსთან მიმართებით სხვანაირად და არაპოლიტიკოსთან მიმართებით სხვანაირად. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილება იქნება, პირველ ყოვლისა, ნიკა მელიასგან კანონმორჩილი და შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური დაძაბულობის მომხრეები ამ დღის წესრიგს შეინარჩუნებენ, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო პარლამენტს, კი ან არა. ამიტომ, გადაწყვეტილება იყო, რომ კანონის შესაბამისად მოვიქცეთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღეს პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მეორედ უყრის კენჭს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები