მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელიას სურს, შექმნას სტიმულაცია, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი
“ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის, რომ ნიკანორ მელია საპატიმროში მოხვდეს, თუმცა, თავად ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს. ამის ახსნა კი ერთადერთია. მას სურს, შექმნას სტიმულაცია, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნიკანორ მელიას სურვილი ჰქონდა, დაპირისპირებულიყო ქართულ სახელმწიფოს და მისთვის ყოფილიყო შეფარდებული ისეთი მიდგომები, რომელიც განსაკუთრებულ პრივილეგიას უნდა დაფუძნებოდა.
„იმ ფონზე, როდესაც რეალურად ადამიანებს ვერ არწმუნებენ საკუთარ სიმართლეში, დაწყებული არჩევნების ვითომდა გაყალბების, არ შემდგარი სცენარი, სპექტაკლები დაიდგა ამ მიმართულებით და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ვერ შეძლეს, ახლა აუცილებელია ისეთი მოქმედების განხორციელება, რომელმაც ისეთ გრძნობებზე ითამაშოს, როგორიც არის საზოგადოების ემპათია“, – განაცხადა სარჯველაძემ.