სალომე ზურაბიშვილი: 14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 წლის გოგოს ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით,  დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა ძალადობა არ წახალისდეს.

„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა!

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!

დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“,-აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები