თორნიკე რიჟვაძე: საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობა იქნება
საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.
აღნიშნული საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განიხილა.
„დღეს განვიხილეთ გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს გერმანელ პარტნიორებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისა და წინგადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ამავე დროს ღირსეული შრომითი პირობებისთვის.
ეს შეთანხმება არის პროგრესი, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისათვის“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.