24 500 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
24 500 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 24 500 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.
კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – ნათქვამია განცხადებაში.