ჩინური ახალი წელი და დეკორაციული კომპოზიცია
ეროვნული მუზეუმი ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით დეკორაციულ კომპოზიციას აქვეყნებს.
ჩუნძიე, იგივე ჩინური ახალი წელი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინეთში. ჩინური კალენდრის მიხედვით, ის მოძრავია და იანვრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე შუალედში აღინიშნება.
საახალწლო მზადებას ჩინელები დიდი ხნით ადრე იწყებენ. ფერადი ქაღალდებისაგან საკუთარი ხელით გამოჭრილი სამშვენისებით და ლამაზი, მხიარული ნახატებით რთავენ სახლს და ერთმანეთისთვის საჩუქრებს ამზადებენ.
ახალი წლის ღამეს, ოჯახის წევრები ტრადიციულად შინ, მრგვალ მაგიდასთან იკრიბებიან. ახალი წლის ფერი ჩინეთში – წითელია. უძველესი დროიდან ჩინელ ხალხს სჯერა, რომ წითელი ფერი ბოროტ ძალებს აფრთხობს, ამიტომ, როგორც წესი, წითელ ტანსაცმელში იმოსებიან და უსხდებიან საახალწლო სუფრას.
ახალი წლის ღამეს, 12:00 საათზე, მთელი ქვეყანა ზარ-ზეიმითა და ფეიერვერკებით ეგებება ახალი წლის შემობრძანებას. ქალაქად თუ სოფლად, ქუჩებში გრანდიოზული ზეიმები და მხიარული წარმოდგენები იმართება. ჩინური ახალი წელი ორ კვირაში ფანრების დღესასწაულით სრულდება. ფანრების დღესასწაულზე ქუჩები წითელი ფანრებითაა მორთული და იგივე, სადღესასწაულო განწყობა სუფევს.
ტექსტი: ნათია დემურიშვილი,
ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების კურატორი.
____
ფოტოზე: დეკორაციული კომპოზიცია. XX საუკუნე. ჩინური ქაღალდის ჭრა. 25X20 სმ. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია – საქართველოს ეროვნული მუზეუმი.