შსს-სთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა

შსს-სთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა.

აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ წარწერები დატოვეს: “სისტემა კლავს!, გომელაური უნდა წავიდეს!”.

როგორც მოძრაობა “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა,ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, სანამ სისტემა არ შეიცვლება.

“ეს სისტემა ნამდვილად კლავს, ეს არის ბოროტება. მივმართავ სამართალდამცავებს, თქვენ კანონის სადარაჯოზე უნდა იყოთ და პროფესიული უნარები უნდა მიმართოთ სამართლის სადარაჯოზე. იმის გამო, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან წარწერებს ვაკეთებდი, როგორც ტერორისტს ისე მაკავებდნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, უკვე მეხუთე დაკავება იყო და ყველა შემთხვევაში ასეთი ძალადობა ხდებოდა.

ეს “კომენდანტის საათიც” თავიდან ბოლომდე უსამართლოა. ამ შეზღუდვებს ხელისუფლება რეჟიმის შესანარჩუნებლად იყენებს, რასაც არ დავუშვებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. დღეს აქ მოვედით იმიტომ, რომ ვახტანგ გომელაური უნდა გადადგეს. ის არის მკვლელი სისტემის მინისტრი. ვერც დაჭერებით გაგვაჩერებენ და ვერც ჯარიმებით, რადგან ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ესენი ემსახურებიან ბნელ მხარეს, რომელიც კრემლიდან იმართება”, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებმა ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე, „სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს“ და ე.წ. „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს. მათ მსვლელობა პარლამენტის შენობიდან “ქართული ოცნების” ოფისამდე გამართეს, სადაც სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები