პროკურატურა – მელიას საქმეზე: აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას საქმეზე აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხა ბრალდებულს ან სხვა ნებისმიერ პირს, ბრალდებულის სახელით ან მის სასარგებლოდ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. საბანკო დაწესებულებაში გირაოს თანხის გადასახდელად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სისხლის სამართლის საქმის ნომერი, იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ვის სასარგებლოდაც ხდება თანხის გადახდა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშის რეკვიზიტები. აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ასევე, ეს რეკვიზიტები მითითებულია აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს განჩინებებში. აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშის მითითებული რეკვიზიტები ასევე ცნობილია თავად ბრალდებულ ნიკანორ მელიასთვის, რადგან მისთვის თავდაპირველად შეფარდებული გირაოს თანხის – 30 000 ლარის ოდენობით გადახდა სწორედ ამ ანგარიშზე განხორციელდა. რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის“, – აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, წერს საქართველოს პირველი არხი.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს და არც გადახდისთვის საჭირო სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი მოუთხოვია.

მელიას თქმით, საიდენტიფიკაციო კოდი მხოლოდ ბრალდებულსა და მის ადვოკატზე გაიცემა, თუმცა, აღნიშნული კოდი არც ერთს აქვს. შესაბამისად, მელიას განმარტებით, თუ ვინმე მის მაგივრად გირაოს თანხას გადაიხდის, ეს პროკურატურის და ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები