„შეხვდი მეცნიერს“ – გიორგი ჩილინგარაშვილი

2 თებერვალს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა გაიმართება გიორგი ჩილინგარაშვილთან. იგი ეროვნული მუზეუმის ასოცირებული მეცნიერ-თანამშრომელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მეცნიერი ისაუბრებს 2020 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ წარმართულ ექსპედიციაზე, რომელიც მუშაობდა სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების არლისა და წარბასთუმნის მიმდებარედ, მრავალფენიან ნამოსახლარ მთა ირმის რქაზე.
„მოხსენებაში საუბარი იქნება ჩატარებული სამუშაოების შედეგებსა და მათ მნიშვნელობაზე. როგორც არქეოლოგიური გათხრებით გაირკვა, ზღვის დონიდან 1560 მეტრის სიმაღლზე მდებარე ირმის რქაზე ადამიანი სხვადასხვა პერიოდში ინტენსიურად სახლობდა. უადრესი დასახლება ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება და ძვ.წ. III ათასწლეულის I ნახევრით თარიღდება. ნამოსახლარზე ამ პერიოდის რამდენიმე ნაგებობის ნაშთი და სამეურნეო ორმოა შესწავლილი, აღმოჩენილია მრავალფეროვანი არტეფაქტები.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული მდებარეობის გამო ეს ადგილი გასულ საუკუნეშიც საკმაოდ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. აქ განთავსებული ყოფილა საბჭოთა ჯარის სანგრები და ბუნკერები, რამაც, თავის მხრივ, დააზიანა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, ხოლო, მეორე მხრივ, მთას „სიცოცხლე“ შეუნარჩუნა. პოსტსაბჭოთა პერიოდში კი ირმის რქამ ადგილობრივებისთვის საკრალური მნიშვნელობა შეიძინა. აქ ჯვარი აღმართეს და ხშირად დღესასწაულობენ. ასე რომ, ძეგლზე კულტურული უწყვეტობა დღემდე გრძელდება“, – აღნინშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები