ირაკლი მეზურნიშვილი „რესპუბლიკელების“ ინიციატივაზე: ეს ნაბიჯი არ არის ცალსახად კონსტრუქციული, მე არ მესმის, რას ნიშნავს ერთჯერადად შემოსვლა პარლამენტში
ეს ნაბიჯი არ არის ცალსახად კონსტრუქციული, მე არ მესმის, რას ნიშნავს ერთჯერადად შემოსვლა პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა „რესპუბლიკელების“ ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბარიერთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ აქვს შეთავაზება და შემდეგი ნაბიჯი ოპოზიცისაა.
„გრძელდება ბულინგი და შეტევა ნებისმიერ იმ ოპოზიციონერის მიმართულებით, ვინც ოდნავ მაინც კონსტრუქციულ მესიჯს გააჟღერებს და შედარებით სწორ გზაზე დადგება, რაც დღეს „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გააკეთა. ეს ნაბიჯი არ არის ცალსახად კონსტრუქციული, მე არ მესმის, რას ნიშნავს ერთჯერადად შემოსვლა პარლამენტში. მათ მოიპოვეს საპარლამენტო მანდატი, უნდა შემოვიდნენ პარლამენტში, მიიღონ ჯანსაღ პოლემიკაში მონაწილეობა, მათ შორის, მიიღონ მონაწილეობა იმ პროცესში, რასაც ჰქვია თუნდაც ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ ღია ვართ ამ მიმართულებით. 0-დან 3%-მდე არის ჩვენი შეთავაზება. შემდეგი ნაბიჯი არის ოპოზიციონერების. ვის ინტერესებშიც ეს შედის, უნდა შემოვიდნენ, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. ეს ხომ არაა რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე მორგებული. ეს არის სისტემა, რომელიც უნდა მოემსახუროს ჩვენს საზოგადოებას“,- განაცხადა მეზურნიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.
ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.