“საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე თ.ჭ. დააკავეს”,- ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის ივნისში თ.ჭ., დაზარალებულს დაჰპირდა, რომ თითქოსდა შეეძლო სისხლის სამართლის საქმეებზე სხვადასხვა კომპანიებისა და პირებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული და ვითომდა პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონებების (საცხოვრებელი ბინების) და ავტომანქანის მისთვის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 5 500 აშშ დოლარს.
“თ.ჭ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას მათ მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართონ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. მათი კონფიდენციალურობა დაცული იქნება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.