გზა „ერის შეურაცხმყოფლის“ ეროვნულ სიმბოლომდე ამაღლებისა – თენგიზ მირზაშვილის დაბადების დღე

დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა უნიკალურ ქართველ მხატვარს, მრავალმხრივ მოღვაწესა და უკიდეგანო სიკეთით მადლცხებულ პიროვნებას – თენგიზ მირზაშვილს. ის მართლაც რომ რენესანსული ადამიანი გახლდათ, ვინც ქართული სულიერების გამდიდრება არა მარტო ფერწერისა და გრაფიკის ხელოვნებით შეძლო, არამედ წონიანი სიტყვა თქვა ხელოვნების ისტორიაში, ფილოლოგიაში, ფოლკლორსა თუ ტექსტოლოგიაში, რუსთველოლოგიასა თუ გალაკტიონოლოგიაში. ამასთან, იგი იყო ბრწყინვალე რედაქტორი და გამომცემელი, ნიჭიერი ადამიანების შემმჩნევი და მხარდამჭერი. ათობით პრეზენტაციის, გამოფენისა თუ პოეზიის საღამოს ორგანიზატორი. ქართული კინოსა და ტელევიზიის ორიგინალური პროექტების სულისჩამდგმელი. მისი დანატოვარი დღემდე თავს გვახსენებს და მისით გაოცება არც მომავალში განელდება. აშკარაა, რომ დრო თენგიზ მირზაშვილის სასარგებლოდ მუშაობს.
„მთვარია მჩატედ კი არ ამოტივტივდე, არამედ მძიმედ გაუჩინარდე, ისე, რომ შენს გაუჩინარებას ნელი ლივლივი მოჰყვეს“, – ასე მიაჩნდა გენიალურ ფრანგ ხელოვან ჟან კოკტოს, რომელიც ზედმიწევნით ესადაგება თენგიზ მირზაშვილის ფენომენს, აქამდე რომ განაგრძობს „ნელ ლივლივს“…
მას ბუნებამ მართლაც რომ უშურველად უბოძა გრძნობადი მასალის გაცოცხლების, მისთვის თრთოლვისა და სუნთქვის მინიჭების უნარი. თითქოს ცოცხალი არსება შემოდის ამ სურათების სახით ჩვენს ყოველდღიურობაში. ამასთან ერთად, ის არის უაღრესად ეროვნული მოვლენა თავისი ფერით, გემოვნებით, გონითა და მსოფლგაგებით. გახსოვთ ალბათ გალაკტიონისეული: „ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს,
ის პოეზიას ჩემსას გაიგებს“…
სწორედ ჩუქურთმის ქართულ სულთან არის ახლოს და მის ემბაზშია განბანილი თენგიზ მირზაშვილის მთელი შემოქმედება!
ეს იშვიათი ღირსებები აქცევს თენგიზ მირზაშვილს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ავტორად, ჭეშმარიტ სახალხო მხატვარად, რომელსაც ბევრ ქართულ ოჯახში შეხვდებით.

„მწვანე ხე“

დავით კაკაბაძის შემდეგ ვერ დაასახელებთ ქართველ მხატვარს, რომელიც ისე მჭიდროდ იყოს დაკავშირებული წიგნთან, კვლევასთან, მეცნიერების განსხვავებულ დარგებთან. თენგიზ მირზაშვილს ძალიან აწუხებდა ის უსამართლობა, რომელიც სუფევდა ქართულ ისტორიოგრაფიაში, ტექსტმცოდნეობაში, რადგან ვერავინ იღებდა ხმას იმ უზუსტობებსა და სიყალბეზე, რაც საბჭოთა კონიუნქტურის გამო განგებ მახინჯდებოდა.
ადგა და თავად ითავა ეს უმადური და მტრის გამჩენი საქმე. იმხანად ამის წამოწყება ლომის პირდაღებულ ხახაში თავის შეყოფას უდრიდა და მაინც არ შედრკა, შეუპოვრად შეუტია კომუნისტური ქართული ელიტის ბომონდს, ვინც ისტორიას ასე ჯალათივით ჩეხავდა და თან ხელშეუკარებელ ავტორიტეტებად იყვნენ გამოცხადებულნი!
ახლა მათი უმეტესობა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეს ემსგავსებოდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. თენგიზ მირზაშვილი მოიძულა სამეცნიერო ისტებლიშმენტმა. ერის შეურაცხმყოფლის, არაკომპეტენტურის, უვიცის და კიდევ რაგვარი დამამცირებელი ეპითეტებით არ ამკობდნენ მის კვლევებსა და დასკვნებს. მართალია, იმხანად ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავდა თენგიზ მირზაშვილის თავგანწირული შებმა საბჭოური მეცნიერებათა აკადემიის მძიმე არტილერიასთან, მაგრამ დროის გადასახედიდან კიდევ უფრო ღირსეულად მოჩანს თენგიზ მირზაშვილის მორალური უპირატესობა იმ საყოველთაო სიცრუის დროში.
დღეს კი ისტორიამ ყველას საკადრისი მიაგო, წითელი ინტელიგენციის გააფთრებულ წერილებს მხოლოდ არქივებიღა ინახავენ, როგორც დაუნდობლობის, გულღრძოობისა და სიტყვით ჯალათობის გაუგონარ ფაქტებს.
როცა ამ უთანასწორო შებმაზე ვფიქრობ, უნებურად ალბერ კამიუს ეს სიტყვები მახსენებს თავს: „შეუძლებელია გულგრილი იყო უსამართლობის მიმართ, უსამართლობასთან ან თანამშრომლობენ ან ებრძვიან მას“. თენგიზ მირზაშვილი არასოდეს შეგუებია მძლავრთა გულზვაობას, ბოლომდე ებრძოდა და პირუთვნელად ამხელდა მათ უტიფარ თვითნებობას და ძალადობას.
ქართული სიბრძნის და ნიჭიერების ურიცხვი საგანძურიდან მისთვის განსაკუთრებით ახლობელი იყო სამი სახელი: რუსთაველი, გალაკტიონი და ფიროსმანი. სამივე მათგანს საკმაო დრო დაუთმო, ბევრი იკვლია და შესანიშნავი შრომების სახით დაუტოვა შთამომავლობას. ქართულ წიგნსა და პერიოდიკას უზარმაზარი ენერგია შეალია. ასზე მეტი წიგნი გააფორმა მხატვრულად, ათობით ჟურნალსა და გაზეთში უღვაწია როგორც მხატვარ ილუსტრატორს, იყო ჟურნალ ’’Letters from Georgia’’-ს მთავარი რედაქტორი, გამოსცა ერთჯერადი გაზეთები: „სვეტიცხოველი“, „წილკანი“, „რეზო ინანიშვილი“, „მერაბ მამარდაშვილი“, „ოთარ ჯიშკარიანი“.
თენგიზ მირზაშვილმა სიცოცხლის ბოლო წლებში ბევრი იმუშავა და შეადგინა წიგნი, რომელშიც მან არა მარტო საკუთარი ნამუშევრები და ნაწერები შეიტანა, არამედ რაც და ვინც მას აღელვებდა და მოსწონდა, ვინც აყალიბებდა მის გემოვნებასა და სულს, მათ დაუთმო წიგნის გვერდების უმეტესობა. სამწუხაროდ, ამ წიგნის გამოცემას ის ვერ მოესწრო.
2009 წლის 2 ნოემბერს გალერეა „ვერნისაჟში“ „თენგიზ მირზაშვილის“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს მართლაც იშვიათი წიგნია, რომელსაც შევყავართ დიდი მხატვრული ტალანტისა და გემოვნების პიროვნების სამყაროში. მსგავსად ღრმა და უჩვეულოდ მრავალპლასტიანი წიგნი ქართულ სინამდვილეში არც მახსენდება. ამიტომ სასურველი იქნება, რომ უფრო ვრცელი ტირაჟით ხელახლა გამოიცეს ეს წიგნი, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს მისი გაცნობის შესაძლებლობა. ეს ჩვენს ახალგაზრდობას განსაკუთრებით გამოადგება.
უკვე 13 წელი გავიდა თენგიზ მირზაშვილის გარდაცველებიდან. თუ ვინმე იყო საქართველოზე და თბილისზე შეყვარებული, ისიც ტოლს არავის უდებდა, ოღონდ ეგ იყო, უანგაროდ და უხმაუროდ ჩვეოდა სიკეთის მოფენა. თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა 1972 წელს მისი დიდი მოწადინებით გაიხსნა, თბილისის ფილარმონიაში ფოლკლორული პოეზიის საღამოების გამართვაც 1978 წელს მისი ინიციატივით დაიწყო. ნეტავ, თუ არსებობს თენგიზ მირზაშვილის სახელობის ქუჩა ან სკვერი თბილისში?
არადა, რა სიამაყით იტყოდნენ იმ ქუჩის მკვიდრნი: „მე მირზაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ!“

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები