გიორგი ნიჟარაძე: მივმართავ საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა – გიორგი ნიჟარაძემ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოქვეყნა, რომლითაც საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს მიმართა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს გავიდა სიუჟეტები, რომელიც ქართულ რაგბში შექმნილ მდგომარეობასა და ნიჟარაძის მიმართ ფინანსურ ბრალდებებს ეხებოდა.

“კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მივმართავ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს, მათ მწვრთნელებს, სპეციალისტებს, აკადემიებსა და სარაგბო სკოლებს, ყველა სარაგბო კლუბს, ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს, შვიდკაცა და თხუთმეტკაცა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, ყველა ვეტერან მორაგბესა და “ბორჯღალოსანს”, ქართული რაგბის ერთგულ გულშემატკივარსა და ყველას, ვისაც მცირედი, თუ ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი რაგბისა და ჩვენი საყვარელი ქვეყნის სამსახურში.”

“გარკვეულ საინფორმაციო საშუალებების ეთერში ა.წ. 6 თებერვალს გავიდა სიუჟეტები, რომელიც ეხებოდა ქართულ რაგბიში შექმნილ მდგომარეობასა და ბრალდებებს ჩემ მიმართ.”

“ამ ეტაპზე, იმის გამო, რომ არ მინდა ისედაც უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება, არ ვაპირებ ზემოთხსენებულ საკითხებზე პასუხის გაცემასა და დისკუსიაში ჩართვას. ასევე, დავამატებ, რომ, “ბრალმდებელი” მხარის დიდი მეცადინეობის (საჩივრები და ა.შ,) შედეგად, სათანადო სახელმწიფო უწყებებმა ჩაატარეს კანონით გათვალისწინებული მოკვლევა და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, მეც და საზოგადოებაც უნდა დაველოდოთ ამ უწყებების საბოლოო დასკვნებს.”

“ვიტოვებ უფლებას, რომ სამართლებრივი პროცესების დასრულების შემდეგ, იმ დროს და იმ ფორმით, რომელსაც ჩავთვლი საჭიროდ, ჩემს მიმართ “ოპონენტების” მხრიდან სიბინძურის და ცილისწამების ნიაღვარს გავცე პასუხი, რასაც ვერიდებოდი უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში, რამდენად მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ეს ჩემი ოჯახისთვის, ახლობლებისა და ჩემთვის პირადად. ამას არ ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამეზიანებინა ქართული რაგბის ინტერესები. ამასთან ერთად, იმის შეფასებასაც გავაკეთებ, თუ რა და ვისი მიზეზებით მივედით დღევანდელ, ყველა ობიექტურად მოაზროვნე ადამიანისთვის არანორმარულ, დამანგრეველ და აბსოლუტურად მიუღებელ მდგომარეობამდე.”

“ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.”

“საუკეთესო სურვილებით, ქართული რაგბის წარმატებებისა და დიდი გამარჯვებების მოლოდინით.”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები