სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კულტურის და სპორტის სამინისტროს შექმნაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ახალგაზრდობის წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს და ქოლგა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება, მთავრობაში მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების გათვალისწინებით, ახალგაზრდული პოლიტიკის სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებული ცვლილებების პროცესს დაეთმო, კერძოდ, სამინისტროს გაყოფის და ახალი – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნის გათვალისწინებით.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, კომიტეტი ადასტურებს, რომ ახალგაზრდების პოტენციალის განვითარება და ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მუშაობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება.

„2020 წლის 17 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის” დოკუმენტი ამის ნათელი დადასტურებაა. კონცეფციის მიღება ახალგაზრდული ორგანიზაციების უმრავლესობის ჩართულობით მოხდა. დოკუმენტით პარლამენტმა მთავრობას კონკრეტული ამოცანები განუსაზღვრა, რომელთა შესრულება 2030 წლამდე უნდა მოხდეს. ახლა დასრულების ეტაპზეა ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგია, რომელიც სააგენტომ შეიმუშავა და ეს ორი დოკუმენტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად ქმედითი გახდეს განხორციელების პროცესი. ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართულობით შეიქმნა დოკუმენტი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ არსებული პრიორიტეტები და ამოცანები შესრულდეს. ამ პროცესს პარლამენტი გაუწევს მკაცრ ზედამხედველობას”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ახალგაზრდობის საკითხებში, ამის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სწორედ ახალი სამინისტრო იქნება.

„ვისაუბრეთ იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნას. ჩვენი პოზიცია ცალსახაა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ახალგაზრდობის საკითხებში და სამინისტროს შექმნა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკა გავაძლიეროთ. კონკრეტულად დავსახეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი სწორედ ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართულობით, მიზანი იქნება მაქსიმალურად მოხდეს კოორდინირება იმ საკითხებისა, რომელიც ახალგაზრდობას ეხება და რომელსაც კომიტეტი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, სწორედ ახალგაზრდობის ჩართულობით განახორციელებს”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა კომიტეტის წევრი დავით კაჭარავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები