ვისთვის აღმოჩნდა სასარგებლო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი"?

ირაკლი მოისწრაფიშვილი: მიზანი მიღწეულია!

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, კრედიტების გაცემა 2014 წელსაც გაგრძელდება. როგორც პორტალ “კვირას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტების მენეჯერმა ირაკლი მოისწრაფიშვილმა განუცხადა, 2013 წლის შედეგებმა აჩვენა, რომ პროექტი წარმატებულია. მისი ინფორმაციით, გაიზარდა როგორც კრედიტის აღებით დაინტერესებულთა, ასევე პროექტში ჩართული ბანკების რაოდენობა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ თანახმად, საპროცენტო განაკვეთის დიდ წილს სახელმწიფო იხდის. ამ პროექტის მიზანი, ერთი მხრივ, იყო ის, რომ სოფლის მეურნეობის დარგის დაკრედიტებით ბანკები დაგვეინტერესებინა, მეორე მხრივ, კი ფერმერების დაბალპროცენტიანი და, შეძლებისდაგვარად, გრძელვადიანი კრედიტის აღების საშუალება მისცემოდათ. პირველი და მეორე მიზანიც მიღწეულია. ამ პროექტის დაწყების შემდეგ სოფლის მეურნეობის დარგებზე გაცემული კრედიტების მოცულობა ძალიან გაიზარდა. მოიმატა პროექტში ჩართული ბანკების რაოდენობამ. 11 ბანკით დავიწყეთ, ამ ეტაპისთვის პროექტში ჩართულია 13 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. პროექტში ჩართვის დაინტერესება გამოთქვა აზერბაიჯანის საერთაშორისო განვითარების ბანკმაც, რომელსაც უკვე გადავუგზავნეთ პროექტის მონაცემები“,- განუცხადა “კვირას“ ირაკლი მოისწრაფიშვილმა.
1616388_215978655274992_1720816643_nსოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, დღეის მონაცემებით, სულ გაცემულია 259,685, 939 ლარი 9589 ბენეფიციარზე. პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველი არის უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის, რომლითაც უკვე 2,685 ადამიანმა ისარგებლა, სესხის მოცულობა კი 1,106,478 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, რომელიც საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არის გათვალისწინებული, დღეის მონაცემებით, ამ კომპონენტის დახმარებით, სესხი 6,458 ბენეფიციარმა აიღო, კრედიტის საერთო მოცულობა 125,066,723 ლარს შეადგენს. მესამე კომპონენტში, 401 სესხზე 47,114,783 დოლარი გაიცა, აქედან 63 ახალი საწარმოა. დაფინანსებულია: მესაქონლეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა, ღვინის წარმოება, სასათბურე მეურნეობა, მეღორეობა, მეფრინველეობა, პროდუქციის შესანახი საწყობები, მარცვლეულის საშრობი და სასაწყობო მეურნეობა. დაფინანსება მიიღეს ასევე საწარმოებმა, რომლებმაც საფინანსო ინსტიტუტებს გაფართოების მიზნით მიმართეს. მეოთხე არის ლიზინგი, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ სესხი არ გაცემულა. მეხუთე შეღავათიანი აგროკრედიტია ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომელიც ითვალისწინებს მეღვინეობა-მევენახეობის სექტორისთვის შეღავათიან სესხს მხოლოდ ყურძნის შესასყიდად. ამ კომპონენტში გაიცა 43 საწარმოზე 49,085,349.44 ლარის სესხი. რაც შეეხება მეექვსე კომპონენტს, რომელიც შეღავათიან აგროკრედიტს გასცემს ციტრუსის ექსპორტიორი და გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, ამ კუთხით ორ საწარმოზე 450 ათასი ლარის სესხი გაიცა.
საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ განხორციელება 2013 წლის 27 მარტიდან დაიწყო. შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ფერმერებისთვისაა გათვლილი, თავდაპირველად სამი კომპონენტისგან შედგებოდა. ფერმერთა და მეწარმეთა ინტერესებიდან, ასევე საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროექტს დაემატა მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კომპონენტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპრემიერმა და არასამთავრობო ორგანიზაცია  “მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საწარმოების მშენებლობასთან დაკავშირებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე ეს დაპირებული იყო. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უამრავ საწარმოს დაეხმარა და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება.

დეტალური ინფორმაცია ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“-ს შესახებ: moa.gov.ge

მარიამ ზედგინიძე

მასალის გადაბეჭდვისას წყაროს მითითება აუცილებელია!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები